logo
ENG



HRW: რუსი სამხედროები უკანონოდ აპატიმრებენ და აწამებენ მოქალაქეებს ხერსონსა და ზაპოროჟიაში

23 ივლ 202212:13
3 წუთის საკითხავი
clock 1062
HRW: რუსი სამხედროები უკანონოდ აპატიმრებენ და აწამებენ მოქალაქეებს ხერსონსა და ზაპოროჟიაში

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია, Human Rights Watch აცხადებს, რომ რუსი სამხედროები აწამებენ, უკანონოდ აპატიმრებენ და აქრობენ მოქალაქეებს ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიას რეგიონებში. 

HRW ამბობს, რომ რუსები სამხედრო ტყვეებსაც აწამებენ.  

"რუსმა ჯარისკაცებმა სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული რეგიონები შიშისა და ველური უკანონობის უფსკრულად გადააქციეს. წამება, არაადამიანური მოპყრობა, მოქალაქეთა თვითნებური დაკავებები იმ ომის დანაშაულებს შორისაა, რომლებიც ჩვენ აღვრიცხეთ. რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს მსგავსი ქმედებები და გაიგოს, რომ ისინი ამაზე პასუხს აგებენ". - ამბობს იულია გორბუნოვა,  Human Rights Watch-ის უფროსი მკვლევარი უკრაინაში. 

ორგანიზაცია ელაპარაკა 71 ადამიანს ხერსონიდან, მელიტოპოლიდან, ბერდიანსკიდან, სკადოვსკიდან და კიდევ 10 სხვა ქალაქიდან და სოფლიდან ხერსონისა და ზაპოროჟიას რეგიონებში. მათ აღწერეს 42 შემთხვევა, როცა რუსმა სამხედროებმა იძულებით და/ან თვითნებურად დააკავეს სამოქალაქოპირები, ზოგ შემთხვევაში არ მისცეს სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის უფლება და აწამეს ისინი. 

HRW-მ ასევე აღრიცხა უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის 3 ტყვედ ჩავარდნილი წარმომადგენლის წამება. მათგან 2 - დაიღუპა. 

ორგანიზაცია წერს, რომ რუსების მხრიდან ძალადობის მიზანი ინფორმაციის მოპოვება და შიშის დანერგვაა, რათა ხალხი შეეგუოს ოკუპაციას, ვინაიდან რუსეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევით ცდილობს ხერსონის "სუვერენიტეტის" აღიარებას. 

ადამიანები, რომლებსაც Human Rights Watch ელაპარაკა, ყვებიან, რომ ისინი აწამეს, ან გახდნენ სხვების წამების მოწმე - ხანგრძლივი ცემის გზით. ზოგ შემთხვევაში რუსები ელექტროშოკს იყენებენ. ისინი აღწერენ დაზიანებებს - მათ შორის, დამტვრეულ ნეკნებს და ძვლებს, კბილებს, მძიმე დამწვრობას, ტვინის შერყევას, ჭრილობებს და სისხლჩაქცევებს.

ერთ-ერთი კაცი, საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ხერსონიდან, რომელიც ოკუპანტების პატიმრობიდან გათავისუფლდა და რომელმაც ანონიმურობა ითხოვა, HRW-სთან ყვება, რომ რუსები მას ბეისბოლის ჯოხით სცემდნენ. პროუკრაინული საპროტესტო აქციის სხვა მონაწილე ერთი თვის განმავლობაში იყო მოთავსებული საავადმყოფოში დაკავების დროს ცემის შედეგად მიღებული დაზიანებების სამკურნალოდ. მესამე ადამიანი ამბობს, რომ ძლივს დადიოდა, ვინაიდან დამტვრეული ჰქონდა ნეკნები და მუხლი. 

ცოლი ერთ-ერთი იმ კაცისა, რომელიც რუსებს 4 დღის განმავლობაში ყავდათ დატყვევებული, ამბობს, რომ მის ქმარს რკინის ჯოხით სცემდნენ, მის მიმართ გამოიყენეს ელექტროშოკი, დაუზიანეს მხარი და გამოიწვიეს ტვინის შერყევა. 

ერთ-ერთმა ხერსონელმა ჟურნალისტმა შიშის აღწერისას თქვა: "არ იცი, როდის მოვლენ შენთან და როდის გაგიშვებენ". 

ყოფილი სამოქალაქო ტყვეები ყვებიან, რომ მთელი პატიმრობის განმავლობაში ხელები შეკრული ჰქონდათ, ხოლო თვალები - ახვეული. 

რუსმა ჯარისკაცებმა სულ მცირე ერთი მოქალაქე იძულებით წაიყვანეს ოკუპირებულ ყირიმში და იქ "გამოსასწორებელ შრომას" აიძულებენ. 

ბევრ შემთხვევაში რუსებმა ტყვეები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მათ დადეს პირობა, რომ ითანამშრომლებენ მათთან. ტყვეებს ამ პირობას ვიდეოთი ადებინებენ, სადაც ისინი თანამშრომლობისკენ სხვებსაც მოუწოდებენ.  

დაკავების ყველა შემთხვევაში, გარდა ერთისა, ტყვეების ოჯახის წევრებს არ მიაწოდეს ინფორმაცია დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ. 

HRW წერს, რომ ომის კანონები შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე მხარეს საშუალებას აძლევს, დააკავოს მებრძოლები სამხედრო ტყვეების სტატუსით, ასევე, მოქალაქეები, თუ მათი ქმედებები საფრთხეს უქმნის დამკავებლის უსაფრთხოებას. მაგრამ თვითნებური დაკავება, უკანონო პატიმრობა და მოქალაქეების იძულებითი გაუჩინარება არღვევს საერთაშორისო სამართალს და შესაძლოა, გულისხმობდეს ომის მრავალ დანაშაულს. ნებისმიერი დაკავებულის წამება და არაადამიანური მოპყრობა აკრძალულია საერთაშორისო კანონმდებლობით ყველა ვითარებაში და როდესაც საქმე ეხება შეიარაღებულ კონფლიქტს, წარმოადგენს ომის დანაშაულს, ასევე შეიძლება იყოს დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.


close დახურვა