logo
ENG



IAEA-ის ცნობით, უკრაინაში ე.წ ბინძური ბომბის მზადების ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს

03 ნოე 202220:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/03/93cizgxzfeu5uhv.jpg

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, მათ უკრაინაში, რუსეთის მიერ დასახელებულ ლოკაციებზე ე.წ ბინძური ბომბის მზადების ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს.

IAEA-ს ცნობით, ორგანიზაციის მკვლევრებმა, რომლებიც უკრაინამ მიიწვია, განახორციელეს ყველა დაგეგმილი აქტივობა და მიიღეს შეუზღუდავი წვდომა იმ  3 დაწესებულებაში შესვლაზე, სადაც რუსეთი აცხადებდა, რომ უკრაინა "ბინძურ ბომბს" ამზადებს.

„ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული შედეგების შეფასებით და უკრაინის მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტომ ვერ იპოვა რაიმენაირი კვალი ამ ლოკაციებზე უკანონო ბირთვული საქმიანობისა და მასალების“ - წერია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, კიევში ბირთვული კვლევის ინსტიტუტის, ჟოვტი ვოდიში აღმოსავლეთის სამთო და გადამამუშავებელ ქარხანასა და სამხრეთის მანქანათმშენებელი ქარხანაში ვიზიტისა და დათვალიერების შემდეგ მათ ბირთვული აქტივობებისა და მასალების კვალს ვერ მიაგნეს.

„ჩვენმა ტექნიკური და სამეცნიერო შეფასებით, შედეგებმა ამ დრომდე არ აჩვენა რაიმე უკანონო ბირთვული საქმიანობის და მასალების კვალი ამ სამ ლოკაციაზე. ჩვენ გავაკეთებთ დამატებით კომენტარებს გარემოდან სინჯების აღების შემდეგ, რაც შეიძლება მალე“ - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ.

უკრაინამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების გაგზავნის თხოვნით წერილობით მას შემდეგ მიმართა, რაც რუსეთის ფედერაციამ მას 3 სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ ბინძური ბომბის წარმოებაში დასდო ბრალი.

ომის დაწყების შემდეგ, ფრონტის ხაზზე საკუთარი წარუმატებლობების შესანიღბად ცრუ ნარატივების გავრცელება კრემლის პროპაგანდის სავიზიტო ბარათი გახდა. მიზანი ყოველ ჯერზე ერთია - უკრაინის დადანაშაულება იმაში, რასაც ხშირ შემთხვევაში, რუსეთი თავად გეგმავს.

ახლა რუსეთი უკრაინის მხრიდან მოსალოდნელ "საფრთხეზე" ალაპარაკდა - თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ამტკიცებს, რომ უკრაინა, შესაძლოა, თავისივე ტერიტორიაზე ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებას და შემდეგ, ოკუპანტი სახელმწიფოს დადანაშაულებას გეგმავდეს.

ბინძური ბომბი რადიოაქტიური ნივთიერებების ან რადიაციის გამბნევი მოწყობილობაა, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობების, დინამიტის და რადიოაქტიური ნივთიერებების ერთობლიობას წარმოადგენს.

მისი აფეთქების შემთხვევაში, გარემოში იფრქვევა რადიოაქტიური მასალა და იწვევს სერიოზულ დაზიანებებს - ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აფეთქების ადგილთან ახლოს, შესაძლოა, რადიაციასთან დაუცველნი აღმოჩნდნენ, რაც სეროზულ დაავადებას დაუყოვნებლივ იწვევს.

რუსეთის ბრალდებები უარყო დმიტრო კულებამ და მას აბსურდული უწოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინას არც "ბინძური ბომბი" აქვს და არც მის შეძენას გეგმავს.

"მეორეც, რუსეთი ხშირად სხვებს ადანაშაულებს იმაში, რასაც თავად გეგმავს", - დაწერა კულებამ.

 

close დახურვა