ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელის რაფაელ გროსის ცნობით, დღეს დაბომბვის შედეგად ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა დაკარგა კავშირი ენერგიის ერთადერთი გარე წყაროსთან. გროსის თქმით, ეს დიდ საფრთხეებს ქმნის.
მისი ინფორმაციით, სადგურის 16 დიზელის გენერატორმა მუშაობა ავტომატურად დაიწყო, რათა გამოიმუშაოს ის ელექტროენერგია, რაც აუცილებელია რეაქტორის გაციებისა და სხვა, ბირთვული უსაფრთხოებისთვის საჭირო ფუნქციების შესრულებისთვის.
გროსი აცხადებს, რომ ეს რუსეთის მხრიდან უპასუხისმგებლო ნაბიჯია და ის გეგმავს როგორც რუსეთში ასევე უკრაინაში გამგზავრებას, რათა მხარეები ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ უსაფრთხო ზონაზე შეთანხმდნენ.
„პირდაპირი დაბომბვის გაგრძელების შედეგად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთადერთი გარე ენერგიის წყარო დაიბომბა. ეს საშინლად უპასუხისმგებლო ნაბიჯია. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაცული უნდა იყოს. მე მალე გავემგზავრები რუსეთში და შემდეგ კვლავ უკრაინაში რათა შევთანხმდეთ უსაფრთხო ზონაზე. ეს აუცილებელია!“ - წერს რაფაელ გროსი.
რაფაელ გროსის ცნობით, სიტუაციის შედარებით სტაბილიზაციის შემდეგ კი 10 გენერატორი გამორთეს და ახლა მხოლოდ 6 მათგანი აწვდის რეაქტორს საჭირო ელექტროენერგიას.
მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინჟინრებმა დაიწყეს დაზიანებული ენერგოხაზის აღდგენითი სამუშაოები.
უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანიის ენერგოატომის ცნობით, სადგური ავტომატურად გადავიდა დიზელის მარაგების გამოყენებაზე. მათი თქმით, გენერატორებში არსებული დიზელის საწვავი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ელექტროსადგურმა 10 დღის განმავლობაში იმუშაოს.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კავშირი 750 კილოვატის სიმძლავრის ენერგიის ხაზთან შუაღამით გაწყდა.
ენერგოატომი აცხადებს, რომ აუცილებელია ენერგოსისტემასა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს შორის კომუნიკაციის გზების აღდგენა.
ელექტროსადგური, რომელიც ამჟამად რუსული ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, აგვისტოს შემდეგ არაერთხელ დაიბომბა.