logo
ENG



IDF: რამდენიმე ტერორისტი მოვკალით - ისინი ლიბანიდან შემოჭრას ცდილობდნენ

14 ოქტ 202310:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/14/e8hd815rx3m5cnj.jpg
NIR KEIDAR/GETTY IMAGES

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ დრონით შეტევის დროს გაანადგურეს ტერორისტები, რომლებიც მათ ტერიტორიაზე შეჭრას ლიბანიდან ცდილობდნენ. IDF-ის არ დაუზუსტებია, რამდენ ტერორისტზეა საუბარი და კონკრეტულად როდის განხორციელდა ოპერაცია.

პარასკევს IDF-მ დაადასტურა, რომ ლიბანში, ჰეზბოლას ობიექტებზე დრონებით თავდასხმას ახორციელებდა - ისრაელისა და ლიბანის საზღვარი ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სახიფათო ზონად რჩება. გასული კვირიდან მოყოლებული, ისრაელის ტერიტორიაზე ლიბანიდან რამდენიმე შეტევა განხორციელდა.

დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ღაზის სექტორზე შეტევის დროს ჰამასის ერთ-ერთი მეთაური, მერად აბუ მერადი მოკლეს - IDF-ის ცნობით, ის ჰამასის საჰაერო სისტემას ხელმძღვანელობდა და გასული კვირის თავდასხმაში აქტიურად მონაწილეობდა.

ისრაელმა გუშინ, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის ტერიტორიაზე მათი ჯარები შეიყვანა - კერძოდ, საუბარია არა ფართომასშტაბიან სახმელეთო, არამედ ლოკალურ ოპერაციებზე, რომლის მთავარი მიზანი მძევლების პოვნა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა ჩრდილოეთში მცხოვრებ პალესტინელებს ღაზის სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდა - გაფრთხილების ვადა პარასკევს ამოიწურა, თუმცა ჰამასმა ადგილობრივებს უთხრა, რომ ევაკუაცია არ განეხორციელებინათ. არსებული ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ისრაელზე თავდასხმის დღეს ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ 150-ზე მეტი მძევალი აიყვანა, ხოლო, სულ მცირე, 1 300 ადამიანი მოკლა - მათგან უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე.


close დახურვა