ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, 2010 წლის შემდგომ პირველად, საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე წვდომა არ აქვს.
როგორც ცნობილია, 2024 წლის დეკემბრიდან თანამდებობის პირთა დეკლარაციების პორტალს ე.წ. ავტორიზაციის ფუნქცია დაედო - ავტორიზაცია არ იძლევა ახალი მომხმარებლის რეგისტრაციის შესაძლებლობას. ავტორიზაცია ასევე შეუძლებელია ახალი პირადობის მოწმობით.
IDFI-ის ინფორმაციით, ამ საკითხზე ანტიკორუფციულ ბიუროს არანაირი განმარტება არ გაუვრცელებია. 2024 წლის 6 დეკემბერს თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ბიუროსგან დეკლარაციებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია მოითხოვა. ოფიციალური პასუხის მიღებამდე ბიურომ ვერბალურად განმარტა, რომ ცვლილება გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით, თუმცა ბიუროს მიერ 17 დეკემბერს ოფიციალურად მიწოდებულ პასუხში ტექნიკური ხარვეზი საერთოდ არ იყო ნახსენები.
"ანტიკორუფციული ბიუროს წერილობით პასუხში მითითებულია, რომ ბიუროს აკისრია დეკლარაციის საჯაროობის უზრუნველყოფის ამოცანა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საჯარო ინფორმაციის განცხადების მოთხოვნით. ბიურო დამატებით განმარტავს, რომ დეკლარაციების ადმინისტრირების სამართლებრივი ბაზა არ შეცვლილა.
აღნიშნული პასუხიდან ირიბად დასტურდება, რომ საქართველოში დეკლარაციების გამოქვეყნება აიკრძალა მენეჯერული გადაწყვეტილების საფუძველზე. თუმცა, საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, IDFI-მ ბიუროში გააგზავნა დამაზუსტებელი მოთხოვნა, პირდაპირი და ნათელი პასუხის მისაღებად", - აღნიშნულია IDFI-ის განცხადებაში.
IDFI მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება პორტალის ფუნქციონირების შეჩერების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და აღადგინოს დეკლარაციების საჯარო პორტალის ხელმისაწვდომობა.