logo
ENG



IDFI: 2022 წლის მარტში საქართველოში 2019-თან შედარებით 559%-ით მეტი რუსეთის მოქალაქე დარჩა

28 აპრ 202216:45
3 წუთის საკითხავი
clock 1151
2022/04/28/r44gyyjuo9tkkqv.jpg

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, 2022 წლის მარტში 2019 წლის მარტთან შედარებით 559%-ით მეტი რუსეთის, ხოლო ბელარუსის 555%-ით მეტი მოქალაქე დარჩა.

IDFI-ს ცნობით, 2022 წლის მარტში საქართველოში რუსეთის 43 152, ბელარუსის 19 898, ხოლო 16 669 უკრაინის მოქალაქე შემოვიდა და დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) რუსეთის 17 201 მოქალაქე,  ხოლო ბელარუსის 14,030 მოქალაქე და უკრაინის 8,151 მოქალაქე.

IDFI აცხადებს, რომ წინა წლის მარტის თვესთან შედარებით, სამივე ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა 2020-2021 წლებში კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ტენდენციების თვალსაზრისით უფრო საინტერესოა 2019 წლის მარტის თვესთან შედარება.

“2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის მოქალაქეების რიცხვი 8 657-ით, რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 14 593-ით, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების 14 047-ით გაიზარდა.

2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 559 %-ით არის გაზრდილი. ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი  555%-ით გაიზარდა” - წერია IDFI-ს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოსული ადამიანების 60% მამრობითი სქესისაა, უკრაინის მოქალაქეებში კი მხოლოდ 35%-ია კაცი, მათგან კი 39% არასრულწლოვანია.

IDFI აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების შემოსვლისა და დარჩენის მონაცემები საქართველოსთვის უსაფრთხოების კუთხით, შესაძლოა გამოწვევებს ქმნიდეს.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის და  ბელარუსის მოქალაქეების  ქვეყანაში  შემოსვლის და დარჩენის  არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები,  მნიშვნელოვან გამოწვევად შესაძლებელია შეფასდეს ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით.  აღნიშნულ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასაზღვრო გამშვები პუნქტების ეფექტიან კონტროლს და საფრთხის შემცველი პირების ქვეყანაში შემოშვების პრევენციას”, -  წერს IDFI.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების  0,75%-ს (340 ადამიანს) ეთქვა უარი საზღვრის კვეთაზე, უკრაინის მოქალაქეების 0,38%-ს (65 ადამიანს), ხოლო ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 0,08%-ს (16 ადამიანს). შსს-ს არ განუმარტავს უარის თქმის მიზეზები.


close დახურვა