logo
ENG



IDFI: დეკანოიძე-გოცირიძისთვის პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე უარი არღვევს რეგლამენტის მოთხოვნებს

12 მაი 202314:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/12/t67fq6bzjz3zusu.jpg

ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს, რომ ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძისთვის პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციაზე უარის თქმა არღვევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს და აფერხებს საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებასა და გაძლიერებას.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტიკურ ჯგუფ ევროოპტიმისტების დაფუძნებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს და არღვევს ორი დეპუტატის უფლებას, შექმნან პოლიტიკური ჯგუფი და ამ ფორმით მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში.

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228 პრიმა მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს საპარლამენტო ჯგუფის ინსტიტუტსა და ამ უფლებით მოსარგებლე  სუბიექტს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ნებისმიერი ორი წევრი წარმოადგენს. აღნიშნული მუხლის დარჩენილი ნორმები აწესრიგებს ამ უფლებით სარგებლობის წესს, მათ შორის, ადგენს გარკვეულ შეზღუდვებსა და პირობებს. სხვაგვარად, ნებისმიერი ორი დეპუტატის უფლება შექმნას პოლიტიკური ჯგუფი შესაძლოა შეიზღუდოს ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

228-ე მუხლის მე-5 პუნქტი, აგრეთვე, ამ მუხლის, ან ზოგადად რეგლამენტის არცერთი დებულება არც პირდაპირ და არც ირიბად არ მიუთითებს საარჩევნო ბლოკით არჩეული პარლამენტის წევრთა მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შეზღუდვაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლთა განმარტება, რომ რეგლამენტის 228 პრიმა მუხლის პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას არ ანიჭებს საარჩევნო ბლოკის სიით გასულ დეპუტატებს, ჩვენი აზრით, რეგლამენტის მითითებული მუხლის სტრუქტურის მცდარ ანალიზს ეფუძნება. კერძოდ, რეგისტრაციაზე უარის თქმის მხარდამჭერებმა ვერ/არ გაიზიარეს, რომ 228 პრიმა მუხლის მე-5 პუნქტი არის უფლების შემზღუდავი ნორმა და ის ფაქტი, რომ მასში არ არის მოხსენიებული საარჩევნო ბლოკი, გამორიცხავს ამ შეზღუდვის საარჩევნო ბლოკით არჩეულ დეპუტატებზე გავრცელებას.

საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” რეგისტრაციაზე უარის თქმა დააფუძნა რეგლამენტის 228 პრიმა მუხლის მე-5 პუნქტს, რომელიც თავისი შინაარსით შემზღუდავი ნორმაა და საერთოდ არ აწესრიგებს საარჩევნო ბლოკის სიით არჩეული წევრების მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამდენად, პარლამენტს უნდა ეხელმძღვანელა  რეგლამენტის 228-ე მუხლის პირველი პუნქტით და დეპუტატებისთვის უნდა მიეცა პოლიტიკური ჯგუფის დაფუძნების შესაძლებლობა"- ნათქვამია განცხადებაში.

4 მაისს, ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ განაცხადეს, რომ პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს [ევროოპტიმისტები] ქმნიან. 

8 მაისს მათ პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს. 

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარემ განმარტა, საარჩევნო ბლოკით გასულ დეპუტატებს, რომელთა ყოფილ პარტიასაც აქვს ფრაქცია პარლამენტში, პოლიტიკურ ჯგუფს ვერ შექმნიან.


close დახურვა