logo
ENG



IDFI: რჩება განცდა, რომ საკონსტიტუციო განზრახ არიდებს თავს პანდემიაზე სარჩელების განხილვას

20 ნოე 202013:57
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/20/2qldy1dfnmqn0n1.png

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს, რომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს რეაგირება პანდემიასთან დაკავშირებულ საქმეებზე არის მინიმალური და სიმბოლური.

ორგანიზაციის განცხადებით, რჩება განცდა, რომ სასამართლო განზრახ თავს არიდებს პანდემიასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვას და ელოდება პრინციპული სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებას. 

IDFI-ის მიაჩნია, რომ  საქმეების დროში გაწელვა აზიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს, დაგვიანებული გადაწყვეტილებები კი პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის შესაძლოდ არაკონსტიტუციურად შეზღუდული უფლებების აღდგენას.

ორგანიზაციის ცნობით, პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე 15 სარჩელია შეტანილი, უწყებას კი ამ დრომდე არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია. 

"ანალიზის შედეგად, გამოვლინდა, რომ Covid-19-თან დაკავშირებული მიმდინარე სარჩელების 95% საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე და პირველ კოლეგიაზეა განაწილებული. კანონმდებლობის თანახმად, კოლეგიის/პლენუმის თავმჯდომარის სურვილის გარეშე ვერ ჩატარდება საქმის განხილვის სხდომა და ვერც აქტის მისაღებად აუცილებელი კენჭისყრა შედგება. ნიშანდობლივია, რომ საქმის განხილვის დინამიკის რადიკალური ვარდნა ემთხვევა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის და პირველი კოლეგიის თავჯდომარის შეცვლას.​.. ამგვარი დამთხვევა ტოვებს განცდას, რომ სასამართლო განზრახ არიდებს თავს პანდემიასთან დაკავშირებულ სარჩელების ეფექტურ/დროულად განხილვას და ელოდება პრინციპული სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებას (2021 წლის პირველ იანვარს). ნებისმიერ, შემთხვევაში აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაკარგა Covid-19-თან დაკავშირებით დასმულ კონსტიტუციურობის პრობლემებზე დროული და ეფექტური რეაგირების სურვილი ან/და შესაძლებლობა",-აღნიშნულია ანგარიშში.

IDFI-ის მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, ეფექტურად გაეცა პასუხის პანდემიისას ადამიანის ძირითადი უფლებების შესაძლო არაკონსტიტუციურ შეზღუდვაზე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.

"მონაცემები მიუთითებს, რომ პირველი კოლეგია არ მიიღებს გადაწყვეტილებას სანამ პანდემიის მართვის პრობლემური სამართლებრივი მოდელი მოქმედებაში იქნება. იმავდროულად, მაშინ როდესაც სახელმწიფოში აქტიურდება დისკუსია მეორე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ კიდევ არ მიუღიათ გადაწყვეტილებები პირველი საგანგებო მდგომარეობის დროს შეტანილ სარჩელებზე...დაგვიანებული გადაწყვეტილებები პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის შესაძლოდ არაკონსტიტუციურად შეზღუდული უფლებების აღდგენას",-აღნიშნულია განცხადებაში. 


close დახურვა