ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიიჩნევს, რომ ღია სივრცეში პირბადის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმება ვერ პასუხობს კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნებს.
პირბადის ღია სივრცეში გამოყენების ვალდებულების შესახებ ინფორმაცია მთავრობამ 3 ნოემბერს გაავრცელა.
გამოქვეყნდა მთავრობის შესაბამისი დადგენილებაც, რომელის თანახმად ამ წესის დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის მიხედვით, 20 ლარის ოდენობის ჯარიმით ისჯება.
IDFI აღნიშნავს, რომ Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის გამოყენებული ჯარიმების კონსტიტუციურობაზე ისედაც მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები არსებობს, პირბადის ტარების წესში შეტანილმა ბოლო ცვლილებამ კი პირის დაჯარიმების კონსტიტუციურობის და კანონიერების სრულად განსხვავებული პრობლემა წარმოშვა.
კერძოდ, IDFI-ის დასკვნით, მთავრობა საკუთარ უფლებამოსილებას გასცდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ "საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გაზარდა საკუთარი უფლებამოსილება და უხეშად შეიჭრა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ექსკლუზიურ კომპეტენციაში".
"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11) მუხლი არ ითხოვს პირბადის ტარებას ღია სივრცეში და არც აკრძალული ქმედების შინაარსის გაფართოების უფლებას ანიჭებს საქართველოს მთავრობას.
საქართველოს პარლამენტმა სამართალდარღვევად მიიჩნია პირბადის ტარების წესის დარღვევა 'დახურულ საჯარო სივრცეში', 'საზოგადოებრივ ტრანსპორტში' და 'ტაქსით' გადაადგილებისას. ამ მუხლის საფუძველზე, მთავრობამ შესაძლოა დააზუსტოს მხოლოდ ტექნიკური დეტალები, მაგალითად, რა არის პირბადე, როგორ უნდა ეკეთოს იგი ადამიანს, რა შემთხვევაში უნდა ეკეთოს დახურულ საჯარო სივრცეში და ა.შ. საქართველოს მთავრობა გასცდა საკუთარ უფლებამოსილებას. კერძოდ, მან ექსკლუზიურად ამ ცვლილების მიღებისათვის სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა ნორმა, რომელიც მას უფლებამოსილებას ანიჭებს დროებით მოაწესრიგოს საკითხი, თუ იგი არ არის მოწესრიგებული საკანონმდებლო აქტით (კანონით)", - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უკვე აწესრიგებს პირბადის ტარების წესს და ადგენს კიდევაც მისი გამოყენების ვალდებულებას. რეალურად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შესწორება შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტულად ჩამოყალიბებულ შემადგენლობაში, რაც არ უნდა ჩაითვალოს მოუწესრიგებელი საკითხის დროებით რეგულირებად. კანონმდებლობის ამგვარი განმარტება, განსაკუთრებით, პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებთან მიმართებით მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, სამართლებრივ უსაფრთხოებას და არაერთ ძირითად უფლებას".
IDFI ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციაში შეჭრა "ამკვიდრებს დემოკრატიული მმართველობისთვის საფრთხის შემცველ პრეცედენტს და არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს".
მთავრობის დადგენილებით, დახურულ და ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო 4 ნოემბრიდან გახდა.