ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების რამდენიმე წევრი მოკლეს - IDF-ის ცნობითვე, გაანადგურეს დაჯგუფების ინფრასტრუქტურებიც.
ამასთან, IDF-ში ამბობენ, რომ ჰამასის ტერორისტებმა ისრაელის ჯარების წინააღმდეგ რამდენიმე თავდასხმა სცადეს და შეტევებს ძირითადად ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მდებარე სამხედრო სტრუქტურები, ასევე, გვირაბებიდან ახორციელებდნენ.
გუშინ ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში სასწრაფო დახმარების მანქანაზე საჰაერო იერიში განახორციელა. თავდაცვის ძალების განცხადებით, მანქანას "ჰამასის ტერორისტული უჯრედები" იყენებდნენ, დარტყმის შედეგად კი ორგანიზაციის რამდენიმე შეიარაღებული წევრი მოკლეს.
ინფორმაცია გავრცელდა, რომ ეს აფეთქება საავადმყოფო ალ-შიფასთან მოხდა. კადრებში, რომელიც არაერთმა საერთაშორისო მედიამ დაადასტურა, ჩანს სასწრაფო დახმარების დაზიანებული მანქანა და რამდენიმე დაჭრილი, რომლებიც საავადმყოფოსთან წვანან.
ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა პარასკევს თქვა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა საავადმყოფოდან სამედიცინო კოლონაში იმყოფებოდა, რომელიც რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელისკენ მიემგზავრებოდა და გადაადგილების შესახებ წითელ ჯვარს აცნობეს.