logo
ENG



IMF: საქართველოს ეკონომიკა წელს 4%-ით შემცირდება

14 აპრ 202017:56
3 წუთის საკითხავი
 
gwoq062xzxm9irw.jpg

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი -4% იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. მომავალი წლიდან კი ფონდი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის 3%-მდე დაჩქარებას ელის.

რომ არა COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური აქტივობის შეჩერება, საქართველოს წელს 4,3%-იანი ზრდა უნდა ჰქონოდა. 

აღსანიშნავია, რომ სამეზობლოში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პესიმისტური პროგნოზით გამოირჩევა მიმდინარე წლისთვის, თუ არ ჩავთვლით თურქეთს და რუსეთს. ამ უკანასკნელს ეკონომიკა წელს 5.5%-ით შეუმცირდება და ვინაიდან ის კვლავ მნიშვნელოვან ბაზრად რჩება ქართული ექსპორტისთვის, სავარაუდოა, რომ ნეგატიური ეფექტი საქართველოს ამ თვალსაზრისითაც გადმოეცემა.

რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, სავალუტო ფონდი სომხეთს წელს 1.5%-იან ვარდნას უწინასწარმეტყველებს, ხოლო მომავალ წელს 4.8%-იან ზრდას. აზერბაიჯანს წელს 2.2%-იანი ვარდნა ექნება, ხოლო მომავალ წელს - 0.7%-იანი ზრდა. თურქეთის ეკონომიკა წელს 5%-ით შემცირდება, ხოლო მომავალ წელს - 5%-ით გაიზრდება.

სავალუტო ფონდის მიერ დღეს გამოქვეყნებული განახლებული მაჩვენებლებით, გლობალურ ეკონომიკას 3%-იანი ვარდნა ექნება, ხოლო მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებს საშუალოდ - 6.1%. მათ შორის, 7%-იანი ვარდნა ექნება გერმანიას, -7.2% საფრანგეთს, იტალიის ეკონომიკა 9.1%-ით შემცირდება, ხოლო ესპანეთის - 8%-ით. ამერიკის შეერთებულ შტატებს წელს ეკონომიკა 5.9%-ით შეუმცირდება, ხოლო მომავალ წელს 4.7%-იანი ზრდა ექნება.

საინტერესოა, რომ ჩინეთი იმ რამდენიმე ქვეყანას შორის მოხვდა, რომელსაც წელს უარყოფითი მაჩვენებელი არ ექნება. კერძოდ, ჩინეთის ეკონომიკა წელს 1.2%-იან ზრდას შეინარჩუნებს, ხოლო მომავალ წელს ამ მაჩვენებელს 9.2%-მდე გააუმჯობესებს. 


close დახურვა