logo
ENG



IRI: თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, 64% პასუხისმგებლად მთავრობას მიიჩნევს

07 ნოე 202220:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/07/c66afvtuqx03wwn.jpg

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 64% ამბობს, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლება/მმართველი პარტია იქნება.

კვლევის მიხედვით, 8% პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს, 6% - ევროკავშირს ასახელებს, 2% რუსეთის ომს უკრაინაში, 1% კი სამოქალაქო საზოგადობას. 3% ამბობს, რომ მიზეზი სხვაა, ხოლო 17%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. აღსანიშნავია, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს ამის პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ქართული ოცნების ამომრჩევლებიც აკისრებენ - 50%.

კითხვაზე - შეასრულებს თუ არა საქართელო ევროკავშირის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, მოსახლეობამ ასე უპასუხა: 55% ფიქრობს, რომ ქვეყანა რეკომენდაციებს სრულად ან ნაწილობრივ შეასრულებს, ჯამში 37%-ის აზრით კი, რეკომენდაციების შესრულებას საქართელო ვერ შეძლებს. 8%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ამავე კვლევის თანახმად, ჯამში გამოკითხულთა 37% ფიქრობს, რომ საქართველო 2023 წლისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ხოლო 50%-ის აზრით ასე არ მოხდება. 13%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.


close დახურვა