logo
ENG



ISFED-მა პოლიტიკური მიზნით მოქმედი ცრუ მედია გვერდების ქსელი გამოავლინა

30 აპრ 202014:02
3 წუთის საკითხავი
 
ktferovidltdt10.jpg

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მჭიდრო კოორდინაციის ნიშნების მქონე ცრუ მედია გვერდების ქსელი გამოავლინა, რომელიც ორგანიზაციის ცნობით, შენიღბულად და ერთგვაროვანი ტაქტიკის გამოყენებით პროსახელისუფლებო გზავნილების არაავთენტურად გავრცელებას და კრიტიკული აზრის დემონიზებას ცდილობს.

ISFED-ის ცნობით, ცრუ მედიის 14 Facebook გვერდი ერთი ტაქტიკით მოქმედებს, რაც მათ კოორდინირებაზე მიუთითებს. გვერდების უმეტესობა შექმნილია ერთსა და იმავე დღეს, 2019 წლის 27 მაისს. Facebook გვერდების პარალელურად მოქმედებს მათი 14 ვებ-გვერდი და ამდენივე YouTube არხი, რომლებიც ასევე დროის ერთსა და იმავე მონაკვეთშია შექმნილი.

გარდა ამისა, იდენტიფიცირებულია 35 ჯგუფი, სადაც ცრუ მედიის მასალები ორგანიზებულად ვრცელდება. ამ ჯგუფებში ჯამურად თითქმის 5 მილიონი მომხმარებელია გაერთიანებული.

„საპარლამენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის საინფორმაციო ნაკადების გააქტიურება როგორც რუსეთიდან მართული, ასევე ქვეყნის შიგნით შექმნილი საინფორმაციო წყაროების მიერ შეინიშნება. სავარაუდოდ საარჩევნო პროცესზე საინფორმაციო ზეგავლენის მიზნით მომზადებული ინფრასტურქტურის გააქტიურება კორონავირუსის პანდემიამ დააჩქარა და შიდა პოლიტიკური აქტორების ინტერესების სასარგებლოდ გააქტიურებული კოორდინირებული „ფეისბუქ“ გვერდების, ჯგუფებისა და ანგარიშების მაღალი აქტივობა არჩევნებამდე 6 თვით ადრეც უკვე მკაფიოდ შეინიშნება. აქამდე ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ გვერდებს ცრუ მედიის გვერდების ახალი მჭიდროდ კოორდინირებული ქსელიც დაემატა, რომლებიც სასურველი გზავნილებისა და ინფორმაციის გასავრცელებლად სოციალური მედიის პლატფორმებს არაკეთილსინდისიერად იყენებენ. მართალია, 2019 წლის 20 დეკემბერს ფეისბუქმა ცრუ მედიის გვერდების უმრავლესობა წაშალა, მაგრამ შედარებით ახალმა ცრუ მედიების გვერდებმა განსხვავებული ტაქტიკით დაიწყეს ოპერირება.

მჭიდრო კოორდინაციის ნიშნების მქონე ცრუ მედია გვერდების ქსელი „ფეისბუქზე“, რომელიც შენიღბულად და ერთგვაროვანი ტაქტიკის გამოყენებით ცდილობს პროსახელისუფლებო გზავნილების არაავთენტურად გავრცელებას და კრიტიკული აზრის დემონიზებას. ეს ცრუ მედია გვერდები პროსახელისუფლებო სტატიების გარდა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საჯარო პირებისა და ოპოზიციონერი ლიდერების დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართულ დეზინფორმაციასაც ავრცელებენ“, - ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.

ორგანიზაციის დეტალური კვლევა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2ygdouW


close დახურვა