არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების იურისტი ნინო რიჟამაძე ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ პატრიოტთა ალიანსის მიერ ბათუმი-სარფის გზაზე განთავსებული საარჩევნო ბანერი, სადაც აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსადაა გამოსახული, შეიძლება, შეიცავდეს შუღლის გაღვივების ნიშნებს.
რიჟამაძის თქმით, საარჩევნო კოდექსით, აგიტაცია, რომელიც აღვივებს შუღლს, აკრძალულია.
"ეს ყველაფერი, რაც ამას წინ უძღოდა - რუსეთთან კავშირი, დაფინანსება და ა.შ. შესაძლებელია... ზოგადად, პატრიოტთა ალიანსი ბათუმში ანტითურქული რიტორიკით გამოირჩევა. წარსულში არჩევნებზეც ჰქონდათ აქციები, სადაც საუბრობდნენ, რომ საფრთხეები თურქეთიდან მომდინარეობს და ა.შ. ეს ბანერი დავინახე შემთხვევით, ბათუმი-სარფის გზაზე, საზღვართან ძალიან ახლოს. რეალურად, ბანერის შინაარსი სამართლიანი არჩევნების აზრით პროვოკაციულია და შეიძლება, შეიცავდეს შუღლის გაღვივების ნიშნებს ანუ თანაბრად წარმოაჩენდე არაოკუპირებულ ტერიტორიებს ოკუპირებულ რეჟიმში მყოფ საქართველოს ტერიტორიებთან. საარჩევნო კოდექსით, აგიტაცია, რომელიც აღვივებს შუღლს, აკრძალულია", - აცხადებს რიჟამაძე.
რიჟამაძე მიიჩნევს, რომ პატრიოტთა ალიანსის ბანერით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც უნდა დაინტერესდეს.
"რაც შეეხება არჩევნებიდან მოხსნას, ორი შემთხვევაში შეიძლება პარტია საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნას. ერთი, როდესაც სასამართლოს მიერ დამტკიცდება, რომ სუბიექტი ამომრჩევლის მოსყიდვას ახორციელებს. მეორე თუ პარტია არაკონსტიტუციურად ჩაითვალა - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა არსებობდეს. თუ საარჩევნო ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ შუღლის გაღვივებას ჰქონდა ადგილი, დაავალებენ ბანერის ჩამოხსნას და შესაძლებელია 2 000 ლარით დააჯარიმოს, მეტი სანქციის დაკისრება ცესკო-ს არ შეუძლია. ცესკო-ს არ აქვს ქმედითი ბერკეტები, რომ პარტიის ეს საქმიანობა აღმოფხვრას. კი ცესკო-ს როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენადაა დაინტერესებული? ორმხრივად განსახილველი საკითხია", - აცხადებს რიჟამაძე.
ცნობისთვის, პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა. ბანერის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებში სწორედ რიჟამაძემ დღეს, 29 აგვისტოს გაავრცელა.
თურქოფობიითა და ქსენოფობიით გამორჩეული პატრიოტთა ალიანსი უკვე წლებია ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აჭარაში ანტითურქულ პროპაგანდას ავრცელებს. 2020 წლის არჩევნებისთვის კი პარტიამ აჭარაში განთავსებულ წინასაარჩევნო ბანერებზე შემდეგი მოწოდება გაავრცელა: "დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!". ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების ფერებშია გამოსახული.