logo
ENG



პატრიოტთა ალიანსმა საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა

29 აგვ 202015:41
3 წუთის საკითხავი
 
inh3zg1m6idzob3.png

პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა. ბანერის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებში დღეს, 29 აგვისტოს გავრცელდა. 

თურქოფობიითა და ქსენოფობიით გამორჩეული პატრიოტთა ალიანსი უკვე წლებია ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აჭარაში ანტითურქულ პროპაგანდას ავრცელებს. 2020 წლის არჩევნებისთვის კი პარტიამ აჭარაში განთავსებულ წინასაარჩევნო ბანერებზე შემდეგი მოწოდება გაავრცელა: "დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!". ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების ფერებშია გამოსახული. 

Facebook-ზე გავრცელებულ ფოტოს სხვადასხვა პოლიტიკოსების ბრაზი და აღშფოთება მოყვა. 

ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა და მათ პატრიოტთა ალიანსის, როგორც საარჩევნო სუბიექტის გაუქმება მოსთხოვა. 

"გაუქმდეს პატრიოტთა ალიანსი, როგორც საარჩევნო სუბიექტი და მოიხსნას არჩევნებიდან. პარტიის რეკლამა, სადაც პირდაპირ რუსული პროპაგანდაა - დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას.. კანონი გავალდებულებთ რეაგირება მოახდინოთ!", - დაწერა დეკანოიძემ Facebook-ზე. 

გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი ელენე ხოშტარიაც. 

"აი ამაში იხდიან ზუსტად რუსები ფულს! არაფერი არ ყოფილა გამოსაძიებელი, ტიპები პირდაპირ შუღლს აღვივებენ ტყუილებით", - დაწერა ხოშტარიამ Facebook-ზე. 

აღსანიშნავია, რომ 24 აგვისტოს ორგანიზაცია "დოსიემ" საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ავტორები თანდართულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, წერენ, რომ პატრიოტთა ალიანსი წინასაარჩევნო კამპანიისთვის ინსტრუქციებს კრემლიდან იღებდა. 

ამასთან, დოკუმენტების მიხედვით, "პატრიოტთა ალიანსმა" მოსკოვში წინასაარჩევნო ბიუჯეტი გაგზავნა, რომელიც 8 მილიონ დოლარს აღემატებოდა. 

 

 


 

 


close დახურვა