logo
ENG



ISFED-ის შემდეგ იზა ჩირგაძეს ვერც ენმ უკავშირდება

02 ნოე 202120:42
3 წუთის საკითხავი
 
ISFED-ის შემდეგ იზა ჩირგაძეს ვერც ენმ უკავშირდება

ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ვერსად პოულობს იზა ჩირგაძეს - ქუთაისის 90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, რეგისტრატორს, რომელმაც ქართული ოცნების მხრიდან გაყალბების სქემებზე ილაპარაკა. 

"ძალიან ვნერვიულობ იზა ჩირგაძეზე. ეს ის ადამიანია, ვინც გაბედა და ჩვენთან მოვიდა შანტაჟის ფონზეც კი. გუშინ წავიდა სახლში, ბავშვები წაიყვანა და მას შემდეგ ვერსად ვიპოვე. ველაპარაკე სახალხო დამცველსაც, ავუხსენი ვითარება. თუ ვინმემ იცით, რომ კარგადაა პირადში მომწერეთ". - დაწერა ენმ-ის წევრმა, ხატია დეკანოიძემ ფეისბუქზე

მანამდე ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა განაცხადა, რომ მზად არის, დახმარება გაუწიოს იზა ჩირგაძეს, თუმცა, მას ვერ უკავშირდება. 

იზა ჩირგაძე არჩევნების მეორე ტურზე ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორად მუშაობდა.

როგორც თავად თქვა, მმართველი გუნდის წევრები მას არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ, სქემა კი ასეთი იყო: მას უნდა დაერეგისტრირებინა და საარჩევნო უბანზე შეეშვა ის მოქალაქეები, რომელთა სახეები და პირადობის მოწმობებში არსებული ფოტოები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

არჩევნების დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები მას ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ და ამ სქემის მიხედვით აიძულებდნენ. 

მარიამ ნემსაძე, რომელიც 90-ე უბანზე დამკვირვებელი იყო, ფორმულას ეთერში ამბობს, რომ იზა ჩირგაძე საარჩევნო დღის განმავლობაში ძალიან ნერვიულობდა და დაძაბული იყო. მომდევნო დღეს კი მას დაუკავშირდა და ენმ-სთან დაკავშირებაში დახმარება სთხოვა. ნემსაძე დაეხმარა. მათ ხატია დეკანოიძის შტაბში წასვლა გადაწყვიტეს. 

თუმცა, მაშინ, როცა ისინი ენმ-ის ოფისში გაყალბების სქემებზე სალაპარაკოდ მიდიოდნენ, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მათ ხელი შეუშალეს და იზა ჩირგაძის გატაცებაც სცადეს. თან, როგორც ნემსაძე ყვება, თავად მას ადანაშაულებდნენ ჩირგაძის გატაცების მცდელობაში. მათვე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომელსაც მალევე მოჰყვა სუს-ი. 

მარიამ ნემსაძე ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც მათ გზა გადაუღობეს, ჩირგაძეს უთვალთვალებდნენ. 

თავად იზა ჩირგაძემ 1-ლ ნოემბერს მედიასთან თქვა: 

"აქ შემხვდნენ, მტაცეს ხელი - რა უფლებით.. ქართული ოცნების ხალხმა. იცოდნენ, რომ აქ ვიქნებოდი, მისმენდნენ და მეც ვუთხარი, რატომ უნდა დამემალა". - თქვა გუშინ იზა ჩირგაძემ. 

მას შემდეგ, რაც მათ ინციდენტს თავი დააღწიეს, 1-ლ ნოემბერს იზა ჩირგაძემ ენმ-ს წევრებთან ერთად ბრიფინგი გამართა და თქვა: 

"ვიყავი კომისიის წევრი 90-ე უბანზე. მაძალებდნენ, რომ გამეყალბებინა. ქალმა, რომელიც არის ქართული ოცნების წარმომადგენელი, დამირეკა, როცა შემოვა ამომრჩეველი, გაატარეო. არცერთი გავატარე. ორი შემთხვევა იყო, როცა პირადობის მოწმობის მონაცემები არ ემთხვეოდა საარჩევნო სიაში არსებულ მონაცემებს. უბრალოდ, მხოლოდ სახელი ემთხვეოდა. სხვა ადამიანი შემოდიოდა, სხვა პირადობით. არ მოვაწერინე ხელი და გავაბრუნე.

დამირეკეს, რას ჰქვია, არ გაატარე, უნდა გაგეტარებინა, შეასრულეო. ჩემზე იყო დამოკიდებული, ხელს მოვაწერდი თუ ბეჭედს დავარტყამდი. ვეცადე, რომ არცერთი ბიულეტენი არ გამეყალბებინა, სრულიად ყველას ვიღებდი სამართლიანად, პირბადეებს ვუწევდი, სახეზე ვაკვირდებოდი, ვამოწმებდი. უკანონობა არ ჩამიდენია". - თქვა მან პრესკონფერენციაზე. 

პრესკონფერენციის შემდეგ იზა ჩირგაძეს და მისი ოჯახის წევრებს დაემუქრნენ. მარიამ ნემსაძე ფორმულასთან ყვება, რომ იზა ჩირგაძის ქმარს დაურეკეს და მისი დაშანტაჟება სცადეს. 

"მეუღლემ დაურეკა იზას და უთხრა, გემუდარები, შენი სათქმელი ხომ თქვი, მუქარა მოდის, არ გაგვახარებენო". - თქვა ნემსაძემ.

1-ლი ნოემბერს ფორმულას ეთერში ინტერვიუზე თანხმობა ჰქონდა ნათქვამი იზა ჩირგაძეს, თუმცა, ეთერამდე ცოტა ხნით ადრე მან ტელეფონი გამორთო. 

იზა ჩირგაძეზე ზეწოლა გააპროტესტა გირჩი - მეტი თავისუფლების წევრმა და ვიცე მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან, იმედა კლდიაშვილმა. პროტესტს მისი დაკავება მოჰყვა. ის ძალადობრივი გზით დააკავეს - პოლიციელებმა ის მანქანიდან გადაათრიეს. რამდენიმე საათის შემდეგ გაიმართა კლდიაშვილის სასამართლო პროცესი. მას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს და 6 თვით მანქანის მართვის უფლება ჩამოართვეს. 


close დახურვა