არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) უბნები ხელახლა გადათვალა და დაადგინა, რომ ოქმებში მეტობით დისბალანსი 8%-ია. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს, 29 იანვარს ბრიფინგი გამართეს და განმარტეს, რომ იანვრის პირველ ნახევარში გადაამოწმეს ხმების პარალელური დათვლის შერჩევაში შესული ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი და თანდართული დოკუმენტები (850 უბანი).
"საარჩევნო უბნების პროპორციული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების შესწავლისას, საერთო ჯამში, ისეთი შემაჯამებელი ოქმების რაოდენობამ, რომელშიც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, PVT შერჩევის 8% შეადგინა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ბრიფინგზე ორგანიზაციის გამგეობის წევრმა, ბაია პატარაიამ აღნიშნა, რომ PVT-ის უბნები საიდუმლოა, თუმცა მზად არიან, გამონაკლისის სახით, მაინც დეტალურად გაიარონ ცესკოსთან, ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირთან.
გარდა ამისა, ISFED აცხადებს, რომ პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობა დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 25,8%-ზე. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ბიულეტენების ნაკლებობა ნიშნავს საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ, მასში იმაზე ნაკლები ბიულეტენის არსებობას, ვიდრე კომისიის მიერ იყო გაცემული.