ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED) ეხმაურება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამკაცრებულ ნორმებს და წერს, რომ ეს მუხლები ხშირად რეპრესიულ მექანიზმად გამოიყენება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჭიროა კოდექსის საფუძვლიანი რეფორმა, რაც ადამიანის უფლებათა სრულყოფილად დაცვის უზრუნველყოფს.
"რაციონალური დასაბუთების გარეშე კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით წარიმართა, მათ შორის ღამის საათებში, მაშინ როდესაც ჩOVID-19-ის პანდემიის გამო, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს, რაც საკითხის განხილვაში საზოგადოების ფართო ჩართულობას და ინკლუზიურობას გამორიცხავდა.
სამოქალაქო საზოგადოება უკვე დიდი ხანია, ითხოვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტურ რეფორმას, რადგან არსებული მოძველებული კოდექსი, რომელიც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილებითაა შემოღებული, ვერც ფორმითა და, მით უფრო, შინაარსით, ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა თანამდროვე სტანდარტებს
საჭიროა, გამჭირვალე რეფორმის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული საზოგადოების ჩართულობით, გახორციელდეს საფუძვლიანი რეფორმა ამ სფეროში, რომელიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა სრულყოფილად დაცვისა და ადმინისტრაციული გადაცდომის სფეროში თანამდეროვე ადმინისტრაციული პრაქტიკის დამკვიდრების ინტერესებს", - წერია განცხადებაში.
დღეს, 29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილე 84-ვე დეპუტატმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ სამი მუხლის გამკაცრებას დაუჭირა მხარი, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს აკავებს.
რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. გარდა ამისა, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ფინანსური სანქციები.
სამოქალაქო აქტივისტები ცვლილებებს საგანგაშოდ მიიჩნევენ, მათი შეფასებით, მიღებული ცვლილებები რეპრესიული მიზნებით შემუშავდა.
კანონპროექტის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილია.
ინიციატორები არიან: დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი.