სამწუხაროა, რომ ასეთი უკონკურენტო არჩევნების დროსაც, მმართველმა პარტიამ უარი არ თქვა კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აღრიცხვაზე , - ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ISFED-ში აცხადებენ, მათმა დამკვირვებლებმა, მიუხედავად მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიისა, მაინც გამოავლინეს ისეთი მძიმე დარღვევები, როგორიცაა ამომრჩევლის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა (ე.წ კარუსელი), ასევე ამომრჩევლის მოსყიდვა.
"არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც რეალური კონკურენციის გარეშე ჩატარდა, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პარტიის კოორდინატორები. ეს პრაქტიკა წლებია კრიტიკის საგანს წარმოადგენს და შეფასებულია, როგორც ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მექანიზმი. აღნიშნული პრაქტიკის აღმოფხვრა დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიების ნებასთან არ გამოიყენონ ასეთი საშუალება ამომრჩეველთა გასაკონტროლებლად. სამწუხაროა, რომ ასეთი უკონკურენტო არჩევნების დროსაც, მმართველმა პარტიამ უარი არ თქვა კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აღრიცხვაზე და ამით აქტივობის უზრუნველყოფაზე.
გარდა აღნიშნულისა, სამართლიანმა არჩევნებმა მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის პირობებშიც კი გამოავლინა ისეთი მძიმე დარღვევა, როგორიცაა ამომრჩევლის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა (ე.წ. კარუსელი), ასევე ამომრჩევლის მოსყიდვა. უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების დღეს ასეთი ფაქტების დაფიქსირება საკმაოდ რთულია. საარჩევნო უბნების გარეთ კვლავ დაფიქსირდა დამკვირვებლის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება.
შეიძლება ითქვას, რომ კონკურენციის გარეშე ჩატარებული არჩევნების შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა იგივე სახის დარღვევებს და პრობლემებს, რაც დაფიქსირდა პირველი ტურის დროს. აღნიშნული კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს, თუ რამდენად პრობლემური იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ის დარღვევები, რაც პირველ ტურზე დაფიქსირდა, გამონაკლისი არ იყო და ტენდენციის სახე მიიღო. აღნიშნული, ამყარებს იმ შეფასებას, რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევნების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი და რასაც ცალსახად უარყოფითად ვაფასებთ", - ნათქვამისა განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ამომრჩეველს მხოლოდ მმართველი პარტია - ქართული ოცნება სთხოვდა.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და II ტურს ბოიკოტს გამოუცხადეს. ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზეც.
კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.
ცნობისთვის, ცესკოს მონაცემებით მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 26% შეადგინა.