უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის მობილიზების და დასავლეთის საპასუხო ქმედებების ფონზე, სოციალური მედიის ქართულ გვერდებზე ანტიდასავლური და ნატოს მიმართ სკეპტიკური გზავნილები გააქტიურდა.
აქტორები, რომლებიც მსგავს გზავნილებს ავრცელებენ, ძირითადად, მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან.
ამასთან, საქართველოს პარლამენტმა 1-ლ თებერვალს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ისე მიიღო, რომ რუსეთი ერთხელაც არ უხსენებია.
სამართლიანმა არჩევნებმა ანტიდასავლური გზავნილები მოიკვლია და შემდეგი მიგნებები გამოკვეთა:
გზავნილი N1: უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის მოუხსენიებლობა მმართველი პარტიის მხრიდან სტრატეგიულად სწორი ნაბიჯია.
პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელ გვერდებზე ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციასთან დაკავშირებით პოზიტიური გზავნილები ვრცელდებოდა. ალტ-ინფოს ეთერში კონსერვატიული მოძრაობის წევრები რეზოლუციის ენას დასავლელი ლიდერების განცხადებებთან აიგივებდნენ და აცხადებდნენ, რომ დასავლეთი საქართველოს სწორედ ამგვარად ესაუბრება. აღნიშნული პარტიის ლიდერებმა მოიწონეს რეზოლუციის გზავნილი სუვერენულ ქვეყანაზე შეტევის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. მათი აზრით, რეზოლუციაში რუსეთის ხსენება, შესაძლოა, პროვოცირების გამომწვევი ყოფილიყო. პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ რეზოლუციით „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთზე გაუბედავი ზეწოლა დაიწყო.
ფეისბუქ გვერდების ნაწილზე ვრცელდებოდა მოსაზრებები, რომ საქართველომ უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს. გვერდებმა საქართველო უპირველეს ყოვლისა და გორგასლიანი გამოაქვეყნეს მოსაზრება, რომ თავშეკავების მიზეზები დასავლეთის მიერ გარანტიების გაუცემლობა და 2008 წელს არასაკმარისი დახმარება, ასევე, ქართული ჯარის სისუსტე შეიძლება გამხდარიყო.
კონსერვატიული მოძრაობის ლიდერები უკრაინას განიხილავდნენ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ფაქტორს, მათი მხარდაჭერა კი წინასწარ წაგებულ ომში მონაწილეობის მიღებად ფასდებოდა. ალტ-ინფოს ეთერიდან Სახელმწიფოს მხრიდან მოზომილი განცხადებების გაკეთებას ლობირებდა ორგანიზაცია სოლიდარობა მშვიდობისთვის წევრი ჯაბა ჭანკვეტაძეც.
მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ რეზოლუციას პოზიტიურად აფასებდნენ მათი მხარდამჭერი ექსპერტ-ანალიტიკოსებიც და საკითხთან დაკავშირებით აზრს ერთნაირი გზავნილით გამოხატავდნენ. მათი მოსაზრებით, მმართველმა პარტიამ საგარეო საკითხებთან მიმართებით სწორი პოზიციონირება მოახდინა, უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და რეზოლუციის ტექსტში შეშფოთება გამოხატა ქვეყნის სუვერენულ უფლებებში ჩარევასა და ვითარების შესაძლო ესკალაციასთან დაკავშირებით. ამასთან, ანალიტიკოსები მთავრობას ბალანსირების პოლიტიკას უწონებდნენ, რეზოლუციას პროვოკაციებისგან დაზღვეულს უწოდებდნენ და მათ მიერ სიტუაციის გამწვავებისა და უკრაინაში ომის თავიდან აცილებაზეც საუბრობდნენ. ექსპერტების ნაწილი რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე რადიკალური განცხადებებისგან თავის შეკავების აუცილებლობაზე საუბრობდა და "მყვირალა, ხმაურიან განცხადებებს".
გზავნილი N2: ოპოზიციის მიზანი რუსეთის გაღიზიანების პოლიტიკა და აგრესიული რიტორიკით სიტუაციის დაძაბვაა.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების პარალელურად, სოციალურ მედიაში მიმდინარეობდა ოპოზიციის მადისკრედიტირებელი კამპანიაც. კონსერვატიული მოძრაობის წევრები ალტ-ინფოს ეთერში აცხადებდნენ, რომ ოპოზიცია დასავლეთიდან რუსეთის გაღიზიანებისთვის ფინანსდება და უკრაინაში სიტუაციის დაძაბვასთან ერთად საქართველოში პროვოკაციები იმატებს. ალტ-ინფოს დამფუძნებლები ოპოზიციურ სპექტრს უკრაინის სოლიდარობის მიზნით გამართული აქციების გამოც აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ ამგვარი პერფორმანსები უკრაინელი ხალხის უპატივცემულობაა, ნამდვილი მხარდაჭერა კი მორალურად გვერდში დგომა კი არა, უკრაინაში ჩასვლა და მათთან ერთად ბრძოლაა. ფეისბუქგვერდი კარდჰუ აშარჟებდა ქუთაისში უკრაინისა და ევროკავშირის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს და ხალხის სიმცირეზე აპელირებდა.
მსგავსი რიტორიკა შეინიშნებოდა პროსახელისუფლებო ექსპერტების მხრიდანაც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვაა. ექსპერტები ოპოზიციურ სპექტრს რუსული ინტერესების გატარებაშიც სდებდნენ ბრალს, რომლის საბოლოო მიზანი რუსეთის მიერ ქვეყნის სრული ოკუპაციაა. მათი უმეტესობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომით აპელირებდა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აგრესიული პოლიტიკის შედეგად ტერიტორიების დაკარგვასა და რუსეთისთვის საქართველოს სოფლების გადაცემაში ადანაშაულებდა. ექსპერტთა ნაწილი პარტიას მოღალატე და კაპიტულანტურ რეზოლუციაზე ხელმომწერ ძალასაც უწოდებდა. ექსპერტები ოპოზიციურ სპექტრს უკრაინის მხარდაჭერის გამო ფსევდოპატრიოტიზმსა და პოპულიზმში ადანაშაულებდნენ და სარკასტულად მოიხსენიებდნენ ოპოზიციის მიერ გამართულ პერფორმანსებს, მათ შორის, ფეისბუქის პროფილის ჩარჩოზე უკრაინის დროშის გამოსახვას.
მეორე მხრივ, უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობის პარალელურად, ხელისუფლების მხარდამჭერი ექსპერტები უკრაინას არაპარტნიორულ და არამეგობრულ დამოკიდებულებაში სდებდნენ ბრალს. ამის მიზეზად ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემაზე უარს ასახელებდნენ. ექსპერტების ნაწილი უკრაინის საქართველოსთან დაპირისპირების მქონე ქვეყნად ქცევაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებდა.
გზავნილი N3: ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება ნაკლებად პერსპექტიულია
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარატივი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების უპერსპექტივობას ეხებოდა. ალტ-ინფო ეთერებში აქტიურად ავრცელებდა ნარატივს, რომ ნატოს წევრი ქვეყნების აზრით, საქართველოს ალიანსში გაწევრიანება გონივრული არაა. ნატოს წევრების მხრიდან ქვეყნების ინტეგრაციის უარზე პოსტებს აქვეყნებდა ფეისბუქ გვერდი Politicano • პოლიტიკანოც.
ამავე გზავნილს ავითარებდა პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძეც, რომლის აზრითაც, ნატოში გაწევრიანების პირობის მიზანი ხელისუფლების ლოიალურობის კონტროლია. ამასთან, მისი თქმით, ამ თემაზე მხოლოდ მიკერძოებული საექსპერტო წრეები და არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ, საკითხზე კი საბჭოთა კავშირისდროინდელი პროპაგანდა მიმდინარეობს. მანჯავიძე ალიანსში უკრაინის შესვლასაც გამორიცხავდა. ამავე პოზიციაზე იყო ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილიც, რომლის გზავნილებიც გვერდებზე საქართველო უპირველეს ყოვლისა და შენ ხარ საქართველო გამოქვეყნდა.
ხელისუფლების მხარდამჭერი ექსპერტების/ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებდა, რომ რუსეთის პოტენციური აგრესიისა და საერთო დაძაბულობის ფონზე, საქართველო დასავლეთის პარტნიორია, რომელთანაც მჭიდრო კონსულტაციებს მართავს. ამის მიუხედავად, მათი ნაწილი ალიანსში ქვეყნების ინტეგრაციის პერსპექტივას ახლო მომავალში სკეპტიკურად უყურებდა. ექსპერტ დავით ქართველიშვილის აზრით, ნატოში გაწევრიანების პროცესი გაჭიანურებულია და ინტეგრაციის კუთხით უპერსპექტივობაა, ამიტომ უფრო მკაფიო გზავნილებია საჭირო. ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე აცხადებდა, რომ ალიანსს საქართველოს ნატოში მისაღებად ბუქარესტის 2008 წლის სამიტის შემდეგ არაფერი გაუკეთებია და მათი დაპირებები თანდათანობით აქტუალობას კარგავს. ცუცქირიძე გამოსავალს უახლოეს მომავალში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერასა და საქართველოში ამერიკული ბაზის განთავსებაში ხედავდა. ახლო მომავალში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ სარკასტულ განცხადებებს ავრცელებდა ედიშერ გვენეტაძეც და აცხადებდა, რომ დასავლეთი მშვიდ ცხოვრებას არეულობაზე არ გაცვლის.
გზავნილი N4: საქართველოსთვის 3+3 ფორმატში ჩართვა, შესაძლოა, მომგებიანი იყოს
უკრაინაში სიტუაციის გამწვავებასთან ერთად კონსერვატიული მოძრაობის ლიდერებმა საუბარი დაიწყეს საქართველოსთვის, თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის მიერ ინიცირებულ რეგიონულ 3+3 ფორმატში 2 მონაწილეობის აუცილებლობაზე, რომლის განსახილველადაც რუსეთში ვიზიტიც დააანონსეს. პარტია აცხადებდა, რომ ფორმატში მონაწილეობით საქართველო არაფერს რისკავს. კონსერვატიული მოძრაობა საუბრობდა რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზეც, რათა უკრაინის მსგავსი სიტუაციის შექმნის შემთხვევაში საქართველო უსაფრთხოების წესებზე იყოს შეთანხმებული.
პარტია თანხმობას აცხადებდა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებისა და უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში კი საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების მზადყოფნაზე. 3+3 ფორმატის შესახებ საუბრობდა პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძეც და აცხადებდა, რომ ამ ფორმატში მონაწილეობის მიღება საქართველოს აშშ-მ აუკრძალა, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ნაბიჯის გადადგმით საქართველო შეიძლება ფინანსურ ჰაბად იქცეს, სადაც მსხვილი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ინტერესები გატარდება.
ფეისბუქ გვერდებმა საქართველო უპირველეს ყოვლისა და დედოფალი გამოაქვეყნეს პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ევროატლანტიკური სივრცისადმი კუთვნილების საკითხის ჩაწერა ქვეყანას შესაძლებლობას უსპობს რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად.
3+3 ფორმატში მონაწილეობის დადებით ასპექტებზე საუბრობდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერი ექსპერტ-ანალიტიკოსებიც. დავით ქართველიშვილი ფორმატში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობას ემხრობოდა და ხაზს უსვამდა, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს პოლიტიკური პოზიციების შეცვლას არ ავალდებულებს და რუსეთთან პირისპირ ურთიერთობას არ ითვალისწინებს. ქართველიშვილი აღნიშნავდა, რომ სამხედრო ბლოკს მიღმა დარჩენილი ქვეყნისთვის იარაღზე უფრო ეფექტური, შესაძლოა, ფინანსურ და საინვესტიციო ცენტრად ქცევა იყოს.
ამასთან, ანალიტიკოსი ფორმატის ფარგლებში დეოკუპაციის საკითხების წამოჭრის შესაძლებლობაზეც წერდა. ფორმატის სარგებლიანობაზე საუბრობდა გიორგი ცუცქირიძეც, რომელიც აღნიშნავდა, რომ მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკური პოზიციების კუთხით არაფერს ავალდებულებს და ქვეყანა ეკონომიკურ სარგებელს ნახავს.
გზავნილი N5 ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოსთვის წამგებიანი ნაბიჯია.
პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელ ფეისბუქ გვერდებზე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის წამგებიან პოზიციად იყო წარმოჩენილი.
პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ამახვილებდა ყურადღებას, რომ საქართველოს მოსახლეობას დეოკუპაცია უფრო სურს, ვიდრე ალიანსებში გაერთიანება.
კონსერვატიული მოძრაობის ლიდერები ავითარებდნენ ნარატივს, თითქოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გამორიცხავს.
ალტ-ინფოს და პარტია კონსერვატიული მოძრაობის დამფუძნებელი და კონსტანტინე მორგოშია ნატოს საწინააღმდეგო გზავნილებს რელიგიური შიშების გაღვივებით ცდილობდა და ალიანსის ფუნქციებად მართლმადიდებლების განადგურებას, მართლმადიდებლური ქვეყნების დაბომბვას, სეპარატიზმის გაღვივებასა და ქვეყნებისთვის ტერიტორიების წართმევას ასახელებდა. რელიგიური შინაარსის მოწოდებებით ევროკავშირის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებდა გვერდი საქართველო უპირველეს ყოვლისა.
გვერდი მოძრაობა ძლევაი საკვირველი ნატოსა და რუსეთისგან მომავალ საფრთხეს ერთმანეთს უთანაბრებდა, მათ „ანტიქრისტეს ტახტისთვის მებრძოლ“ ძალებად წარმოაჩენდა და საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას ემხრობოდა, რადგან რომელიმე მხარესთან ურთიერთობა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა.
გვერდი Politicano • პოლიტიკანო ამერიკის შეერთებული შტატებსა და დიდი ბრიტანეთს ოკუპანტებად წარმოაჩენდა, ევროკავშირის ბლოკის ქვეყნებს კი ომების ირიბად გაჩაღებაში ადანაშაულებდა და ბლოკის შეიარაღების გაზრდის საფრთხეებზე წერდა.
გზავნილი N6: რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აღმოსავლეთ უკრაინის წინააღმდეგობის დონე მცირე იქნება.
კონსერვატიული მოძრაობის ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი ერი ცხოვრობს და, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ისინი რუსეთს ნაკლებ წინააღმდეგობას გაუწევენ. პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელ გვერდებზე („კარდჰუ“,Politicano • პოლიტიკანო) ვრცელდებოდა რუსეთ-უკრაინის სამხედრო ძალების შედარების ამსახველი ინფოგრაფიკები და წარმოჩენილი იყო რუსეთის შეიარაღების უპირატესობა.
გზავნილი N7: რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები არაეფექტური იქნება
კონსერვატიული მოძრაობის ლიდერები დასავლეთის სანქციების არაეფექტურობაზე უსვამდნენ ხაზს. კეთდებოდა განცხადებები სანქციების მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში, რუსეთის მიერ ჩინეთის ალტერნატივად პოვნის შესახებ. გვერდებზე ვრცელდებოდა ისტორიკოს გურამ ქართველიშვილის მოსაზრება, რომ, სანქციებით მუქარის მიუხედავად, დასავლელი ლიდერების გამოსვლებში არადამაჯერებელი ტონი იგრძნობა, რუსეთი კი გამოცოცხლების გზაზე შემდგარი იმპერიაა. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სისუსტეზე აპელირებდა გვერდი Politicano • პოლიტიკანოც.
გზავნილი N8: აშშ და ნატო უკრაინასა და საქართველოს მიატოვებს.
კონსერვატიული მოძრაობის ლიდერები ალტ-ინფოს ეთერში აცხადებდნენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მიტოვება დაიწყო და ანალოგიურ სიტუაციაში საქართველოსაც მიატოვებს. ამასთან, ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ აშშ უკრაინისთვის დათმობებზე წასვლას არ აპირებს და, შესაძლოა, უკრაინის გაწირვის ხარჯზე რუსეთის წინააღმდეგ ევროპის კონსოლიდაცია მოახდინოს.