ISFED-მა მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც სკოლის დირექტორების და მათი მოადგილეების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას ადასტურებს.
ორგანიზაციის განცხადებით, დოკუმენტი მიუთითებს, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი ორგანიზებას უწევდა საჯარო სკოლების დირექტორებისა და მათი მოადგილეების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ.
ქეთევან ჭიპაშვილი ამავდროულად ყვარლის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს ხელმძღვანელობს.
სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს:
- საქართველოს პროკურატურას, გამოიძიოს საჯარო სკოლის დირექტორების/მოადგილეების და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ფაქტები და საზოგადოებას უმოკლეს დროში მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თავისი მანდატის ფარგლებში, შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე. ასევე გადადგას აქტიური ნაბიჯები განათლების სფეროში პოლიტიკური გავლენების აღმოსაფხვრელად.