სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერაშორისო საზოგადოების (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, მეორე ტურამდე კვლავ ბუნდოვანი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. ამის ნათელ მაგალითად კი ქართული ოცნების 27 ოქტომბრის აქცია სახელდება, რომლის ორგანიზების პროცესშიც საჯარო უწყებების, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფინასებული ორგანიზაციების რესურსები იყო გამოყენებული.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 3200-დან 300-ზე მეტი საარჩევნო უბნის ხმის დათვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ ატვირთულა. გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერების ნაწილი ხარვეზების გამო სრულყოფილად ვერ ასახავდა ხმის დათვლის პროცესს. სამართლიანი არჩევნები ცესკოს მეორე ტურში ამ ხარვეზების აღმოფხვრისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციის ცნობით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში შედარებით მეტად გაკეთდა აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინსტერსებზე. განსხვავებით პირველი ტურისგან, როცა წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკური დისკუსია დღის წესრიგიდან გამქრალი იყო.
"მეორე ტურის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში კვლავ დაფიქსირდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების, სოციალური ქსელით აგიტაციისა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის რამდენიმე ფაქტი", - წერია შემაჯამებელ ანგარიშში.
სამართლიანი არჩევნები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 16 ოქტომბრიდან ახორციელებს. ISFED 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს იმ ოცივე მუნიციპალიტეტში დააკვირვება, სადაც თვითთმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება.
30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.