logo
ENG



ISFED: მუნიციპალიტეტების მერების გადადგომა კითხვის ნიშნებს აჩენს

10 აპრ 202017:02
3 წუთის საკითხავი
 
f7vxsh2yuhais9r.jpg

სამართლიანი არჩენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) საქართველოს რამდენიმე ქალაქში მერების გადადგომას განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ დროის მოკლე მონაკვეთში სხვადასხვა მუციპალიტეტებში მერების გადადგომის ტალღა ეჭვებს აჩენს, რომ არჩევითი თანამდებობის პირების მიერ პოსტების დატოვება არაჯანსაღი პროცესის შედეგია.

„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, კასპშითერჯოლაშიქუთაისსა და ონში მიმდინარე წლის მარტისა და აპრილის თვეში მერებმა პირადი განცხადების საფუძველზე არჩევითი თანამდებობები დატოვეს.

2020 წლის 11 მარტს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ვარაუდი ყოფილი მერის, მანუჩარ მერებაშვილის მიმართ სავარაუდო ზეწოლის შესახებ. მათი განცხადებით, მერებაშვილს  დაპირისპირება ჰქონდა გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან. მიუხედავად, იმისა, რომ სხდომაზე ოპოზიცური პარტიის წარმომადგენლები ითხოვდნენ ყოფილი მერის, მერებაშვილის დასწრებასა და მისი მოსაზრებების მოსმენას, იგი საკრებულოს სხდომაზე არ გამოცხადებულა. ყოფილმა მერმა მედიასთან კომენტარისას აღნიშნა, რომ მას კერძო სექტორში სურდა საქმიანობის გაგრძელება.

2020 წლის 1 აპრილს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ საკრებულოს თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით მიმართა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე მერმა ასევე თანამდებობიდან გაათავისუფლა პირველი მოადგილე, მანუჩარ ფანჩულიძე და მისი მოადგილე, ლაშა გოგიაშვილი. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, ნინო ჯანელიძე განმარტავს მერის გადადგომასთან დაკავშირებით, საკრებულოში არ წარმოდგენილა დამატებითი ახსნა-განმარტებები, სადაც საუბარი იქნებოდა მისი თანამდებობის დატოვების მიზეზების შესახებ. საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, ტარიელ ფანჩულიძის განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილებების მიზეზი შესაძლოა იყოს ყოფილ მერსა და „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრ, ეგუჯა გოცირიძეს შორის არსებული დაპირისპირება. საკრებულოს მიერ თერჯოლის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე,  ლაშა გოგიაშვილი მერის მოვალეობის შემსრულებლად წარადგინა.

2020 წლის 5 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ თანამდებობა დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე ჩნდება ეჭვი, რომ თანამდებობის დატოვებას წინ უძღოდა ყოფილ მერსა და „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის მაჟორიტარ წევრს, გოჩა ენუქიძეს, ასევე  გუბერნატორ, არჩილ ჯაფარიძეს შორის არსებული დაპირისპირება.   

2020 წლის 8 აპრილს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის ყოფილ მერზე, გიორგი ჭიღვარიაზე ზეწოლა მმართველის პარტიისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან განხორციელდა.

დროის მოკლე მონაკვეთში სხვადასხვა მუციპალიტეტებში მერების გადადგომის ტალღა ეჭვებს აჩენს, რომ არჩევითი თანამდებობის პირების მიერ პოსტების დატოვება არაჯანსაღი პროცესის შედეგია. პარტიული დაპირისპირებისა და სავარაუდო ზეწოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ მერების გადადგომა არა საკუთარი ნებით, არამედ ცენტრალური ხელისუფლების ან პარტიის მითითებების შედეგია. აღსანიშნავია, რომ წარსულში, 2018 წლის არჩევნების პერიოდში და მის შემდგომ თვეებში, რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერი ასევე ბუნდოვანი მიზეზებით გადადგა, რამაც ანალოგიური ეჭვები გააჩინა.

მსგავსი შემთხვევები ნათლად წარმოაჩენს, რეალური დეცენტრალიზაციის არარსებობას და მნიშვნელოვნად აკნინებს თვითმმართველობების როგორც ადგილობრივი მმართველობის დამოუკიდებელი არჩევითი რგოლის როლს. არჩევითი თანამდებობების პირების ბუნდოვანი მიზეზით გადაგომა ამყარებს წარმოდგენას, რომ თვითმმართველობის ორგანოები ცენტრალური ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ვერტიკალით იმართება და პირდაპირი წესით არჩეული მერები საკუთარი ლეგიტიმაციის წყაროდ არა ადგილობრივ ამომრჩევლებს, არამედ პარტიულ ლიდერებსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მიიჩნევენ.

„სამართლიანი არჩევნები“ ზემოთ დასახელებული მუნიციპალიტეტების ყოფილ მერებს მოუწოდებს საჯაროდ და ნათლად განუმარტონ საზოგადოებას გადადგომის მიზეზები. ორგანიზაცია მოუწოდებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ - აღმოფხვრას ადგილობრივი თვითმმართველობების არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირებზე შესაძლო ზეწოლისა და დევნის არაჯანსაღი პრაქტიკა, ხოლო მერების საქმიანობაში სამართალდარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესრულება“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა