რუსთავის მერიიდან თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლეს - ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები ავრცელებს.
ISFED-ის ცნობით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომელი უყვება, რომ მას მიზანმიმართულად დევნიდნენ და გათავისუფლების საფუძველიც ხელოვნურად შექმნეს.
მერიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ის არ იყენებდა დაკავებულ თანამდებობას პარტიული მიზნების გასატარებლად და არც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები დაკისრებია 2020 წლის ნოემბრამდე. თუმცა, მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო მისი დევნა - მერი პირადად იბარებდა შეხვედრაზე და სთხოვდა, სამსახურიდან წასულიყო.
ნინო ქვირია, მერიის ყოფილი თანამშრომელი, ამბობს, რომ მისი დევნა რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით ხორციელდება. მისი თქმით, თანამდებობის დატოვება მოსთხოვა ქართული ოცნების რეგიონალური ოფისის უფროსმა დავით კობახიძემაც.
„ჩემ მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობა არ გამოყენებულა პარტიული (პოლიტიკური) მიზნების ან ინტერესის გასატარებლად. ამასთან 2020 წლის ნოემბრამდე, 5 წლის მანძილზე, არ დამკისრებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები კანონით გათვალიწინებული რომელიმე საფუძვლით. ამას ადასტურებს ქალაქ მერისგან, მისი ყოფილი მოადგილისა და კურატორისგან მიღებული შეფასებები“, - აცხადებს ნინო ქვირია.
მერიის ყოფილი თანამშრომლის ინტერესებს სამართლიანი არჩევნები იცავს.
„სამართლიანი არჩევნები იცავს ნინო ქვირიას ინტერსებს და გეგმავს სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებას, რათა დადგინდეს მისი პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება", - ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.