logo
ENG



ISFED: საოლქო კომისიები საჩივრებს განუხილველად ტოვებენ. რაც განიხილეს, არ დააკმაყოფილეს

05 ნოე 202001:18
3 წუთის საკითხავი
 
ed1b44vj398uhdy.jpg

სამართლიანი არჩევნები აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრებს განუხილველად ტოვებენ. 

საჩივრების განხილვა სხვადასხვა საარჩევნო კომისიაში ამ წუთებში პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ISFED მიუთითებს, რომ მათი და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ შეტანილი საჩივრები რამდენიმე ოლქში სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით განუხილველი დატოვეს, ხოლო განხილული საჩივრების უმეტესობა არ დააკმაყოფილეს, 

როგორც ისფედი ამბობს, საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრების განუხილველად დატოვების ერთ-ერთ მიზეზად დამკვირვებლების მხრიდან მინდობილობის წარუდგენლობას ასახელებდნენ.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მინდობილობები წარადგინეს, რითაც დასტურდებოდა, რომ არა მხოლოდ სხდომაზე, არამედ საჩივრის შეტანის მომენტშიც ორგანიზაციების სახელით მოქმედებდნენ, საჩივრები განუხილველად იქნა დატოვებული. მაგალითად, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ წარმომადგენელი სხდომაზე დღეს 7 საათზე დაიბარა, ხოლო სხდომა უფრო ადრე გამართა და საჩივრის განუხილველობის შესახებ განკარგულება 1 საათით ადრე, 6 საათზე გაუგზავნა.  

გარდა ამისა, იმ საოლქო საარჩევნო კომისიების უმრავლესობამ, რომლებმაც განიხილეს საჩივრები, არ დააკმაყოფილეს შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და ბიულეტენების ხელახლა დათვლის მოთხოვნა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მათი მოთხოვნა უბნების გადათვლასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში, მათ შორის, სამგორის #97 უბანზე, სადაც დიდი შეუსაბამობები გამოვლინდა ნამდვილ ბიულეტენებსა და შემაჯამებელ ოქმებში ასახულ მონაცემებს შორის.  

"მოვუწოდებთ, საოლქო საარჩევნო კომისიებს, არ შექმნან ხელოვნური ბარიერი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და ხელი შეუწყონ პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას. ასევე, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ გადაწყვეტილებებს, მაქსიმალურად ეცადონ, გადათვალონ რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბნის ბიულეტენები და ამ გზით გაზარდონ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც იქნებიან პასუხისმგებლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე". - წერია განცხადებაში. 

მანამდე ევროპული საქართველოს წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა თქვა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასცა განკარგულება, არ გაიხსნას სადავო უბნები და არ მოხდეს ხმების გადათვლა. მისი ინფორმაციით, ცესკომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 97-ე უბანი გახსნა და მნიშვნელოვანი შეუსაბამობები აღმოაჩინა. 

4 ნოემბრის საღამოდან საოლქო საარჩევნო კომისიებთან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართა. 

ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან ამ დრომდე ხმაურია, დაკავებულია ათზე მეტი ადამიანი. ისინი კომისიის სხდომაზე უფლებამოსილი პირების დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. კომისიის სხდომებიდან დამკვირვებლების ნაწილი გამოაძევეს, ნაწილმა - პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ოპოზიციური სპექტრი არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.  


close დახურვა