logo
ENG



ISFED: სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვას

05 ივლ 202116:35
3 წუთის საკითხავი
 
ISFED: სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვას
ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

სამართლიანი არჩევნები შეშფოთებას გამოთქვამს დღეს, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირსა და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე ძალადობრივი აქციების გამო, რომელთა მონაწილეებიც ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს და გამოირჩევიან აგრესიით.

საეკლესიო და რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფების არამშვიდობიანი შეკრება რამდენიმე ადგილას დაუფარავი სიძულვილისა და მუქარის ფონზე მიმდინარეობს. ძალადობრივი აქციების მონაწილეებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სხვადასხვა მედია-საშუალებების ჟურნალისტებსა და ოპერატორებს; თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს და შეეცადნენ მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისზე თავდასხმას. ამ ფონზე, ღირსების მარშის მონაწილეებს არ მიეცათ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. 

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, თბილისის ქუჩებში მიმდინარე ძალადობის კერები სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტურად ვერ აღკვეთეს, ხოლო, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია "ღირსების მარშის გამართვა და მარში "რევანშისტულ, რადიკალურ” პოლიტიკურ ძალებს დაუკავშირა. ამდენად, პრემიერ-მინისტრის განცხადებამ წაახალისა მოძალადე ჯგუფები, რამაც საფრთხე შეუქმნა ათეულობით ჟურნალისტისა და აქტივისტის უსაფრთხოებას.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია როგორც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ასევე ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი კანონდამრღვევი პირების დაკავების შესახებ.

"ნათელია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას, რის გამოც პრაიდის კვირეულის ორგანიზატორებს დაანონსებული მშვიდობიანი შეკრების გადადება მოუხდათ.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს ქალაქის ქუჩებში მიმდინარე ძალადობის აქტები და დროულად გამოიძიოს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის ფაქტები". - აცხადებს ორგანიზაცია. 

დილიდან ქუჩაში გამოსული მოძალადეები შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. თავდასხმები პოლიციის უმოქმედობის ფონზე ხდება.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, მსვლელობა დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაწყებულიყო. 

თუმცა, რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გამო თბილისი პრაიდმა ღირსების მარში გადადო. 

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. 

თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება და არ აღკვეთა ძალადობა. 

შედეგად, დაშავდა ათობით ჟურნალისტი. თუმცა, არავინ დაუკავებიათ. 

თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია.

მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 

თბილისის ქუჩებში ძალადობა ამ დრომდე გრძელდება. 


close დახურვა