logo
ENG



ISFED: სახელმწიფო უწყებების Facebook-გვერდებზე ოცნების სასარგებლო ირიბი აგიტაცია შეიმჩნევა

01 ოქტ 202012:54
3 წუთის საკითხავი
 
4ayc3k6zdm8q8n7.png

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში, სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის I შუალედური ანგარიში წარმოადგინა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 37 და მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 32 გვერდი.

გარდა ამისა, გამოვლინდა ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 10 გვერდი და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ცრუ მხარდაჭერის 2 გვერდი, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 16 გვერდი და ხელისუფლების მხარდამჭერი 11 გვერდი. 

ISFED-ში აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში Facebook-ზე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გააქტიურება შეიმჩნევა. 

"ნაწილი საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს სოციალური მედიის სხვა პლატფორმებსაც, როგორებიცაა Instagram, Telegram, Viber და TikTok.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უწყებების ოფიციალურ Facebook-გვერდებზე მმართველი პარტიის სასარგებლო ირიბი აგიტაცია შეიმჩნევა. კონკრეტულად, საჯარო უწყებების 18-მა გვერდმა გააზიარა პოსტიმთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ, სადაც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც StopCov ფონდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებმა 133 გამოქვეყნებულ პოსტში გამოიყენეს ჰეშთეგი #გაიგერაკეთდება, რაც ეხმიანება „ქართული ოცნების" მხარდამჭერ Facebook გვერდს „რა კეთდება", რომელზე გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი დასპონსორებულია, თანხის გადამხდელად კი „ქართული ოცნება" არის მითითებული", - ნათქვამია ანგარიშში.

ISFED-ში აცხადებენ, რომ საანგარიშო პერიოდში, Facebook-ზე ორგანიზებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი 69 გვერდი გამოვლინდა, რომელთა მიზანია ამომრჩევლებში კონკრეტული პარტიებისა თუ კანდიდატების მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბება ან/და გაღვივება.

"დისკრედიტაცია გამოიყენება როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის წინააღმდეგ. საერთო ჯამში, ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი გვერდები უფრო მეტ პოსტს ავრცელებენ, მაგრამ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული პოსტების ჯამური ინტერაქცია (რეაქციების, კომენტარებისა და გაზიარების ჯამი) უფრო მაღალია.

ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ორგანიზებულობისა და კოორდინირებულობის ნიშნები მჟღავნდება. მათი ძირითადი სამიზნე ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. ამასთან, ისინი ეწევიან ევროპული საქართველოსა და სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას, გარდა პატრიოტთა ალიანსისა", - ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქართული ოცნების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ გვერდებზე ორგანიზებული და კოორდინირებული კამპანია ნაკლებად შეინიშნება. მსგავს გვერდებზე დისკრედიტაციის კამპანია უმეტესად ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმდინარეობს, რისთვისაც დაბალი ხარისხის ფოტომონტაჟები გამოიყენება.

"ანონიმური დისკრედიტაციის გვერდების გარდა, დისკრედიტაციას ეწევა ბაკურ სვანიძის მიერ მართული Facebook გვერდების ქსელიც, რომელიც ღიად გამოხატავს პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერას. რიგ შემთხვევებში, დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენება სექსისტური და ჰომოფობიური გზავნილებიც. სამიზნე ქალი პოლიტიკოსები ხშირად იყვნენ გენდერული ნიშნით თავდასხმის ობიექტები. ამ მხრივ, ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებთან ერთად, თავდასხმის ობიექტები არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

საანგარიშო პერიოდისთვის ISFED-მა გამოავლინა 10 ცრუ მედია გვერდი, რომლებიც პროსახელისუფლებო და ოპოზიციის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებენ. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ცრუ მედია გვერდები საკუთარ პოსტებს ინტენსიურად ასპონსორებენ, თუმცა პოლიტიკური რეკლამის ხარჯების სათანადო დეკლარირებას არ ახდენენ და Facebook-ის რეგულაციებისთვის თავის არიდებას ცდილობენ", - აცხადებენ სამართლიან არჩევნებში.

ISFED-ის მონიტორინგიდან ირკვევა, რომ დისკრედიტაციისა და პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად გამოიყენება Facebook ჯგუფებიც. ღიად დისკრედიტაციული Facebook ჯგუფები, ძირითადად, ორი პოლიტიკური პარტიის, ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მოქმედებენ. მხარდამჭერ ჯგუფებს შორის, ყველაზე მეტი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული. ჯამში, ასეთი 58 საჯარო ჯგუფია აღმოჩენილი, რომელთაც 391,491 წევრი ჰყავთ. ქართულ ოცნებასთან კი აფილირებულია 33 ჯგუფი, სულ 369,172 წევრით. სტრატეგია აღმაშენებელს 15 მხარდამჭერი ჯგუფი აქვს, რომელთა წევრების რაოდენობაც 20,334-ის ტოლია.

 


close დახურვა