logo
ENG



ISFED: ტიკტოკზე საგანგაშოა ამომრჩევლის აზრზე მანიპულირებისკენ მიმართული არხების მომრავლება

27 იან 202216:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/27/w4jllsxq0k83jer.jpg

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) სოციალური მედიის პლატფორმა ტიკტოკის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად საქართველოში ტიკტოკზე  საგანგაშოა ამომრჩევლის აზრზე მანიპულირებისკენ მიმართული არხების მომრავლება და მათი აუდიტორიის ჩართულობის მაჩვენებელი. ISFED–ის თანახმად, ტიკტოკზე „ალტ–ინფოს“ ქსელი აქტიურობს, ასევე, პოლიტიკური შინაარსის არხებიდან, ტიკტოკზე, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი კამპანია უფრო მასშტაბურია ვიდრე, მმართველი პარტიის საწინააღმდეგო.

ISFED–ის ანგარიშის თანახმად, ანონიმური და პროპაგანდისტული გვერდები, რომლებიც ფეისბუქმა გააუქმა, ტიკტოკის ქსელში გადავიდა, მათ შორის ყველაზე დიდი ინტერაქციით სარგებლობს ალტ–ინფოს მასალების გამავრცელებელი არხები.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ მადისკრედიტირებელი კამპანიების მასშტაბი და გზავნილები შეცვალა.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, ტიკტოკის აუდიტორია პოზიტიურ პოლიტიკურ კამპანიებში უფრო მეტად ერთვება.

„ფეისბუქის მიერ გაუქმებულმა არაერთმა ცნობილმა ანონიმურმა და პროპაგანდისტულმა გვერდმა მოახდინა წარმატებული მიგრაცია ტიკტოკის პლატფორმაზე, მათ შორის „ალტ-ინფოს“ ქსელმა.

 შერჩეულ ანგარიშებს შორის, ტიკტოკზე ყველაზე დიდი ინტერაქციით პროპაგანდისტული გზავნილების არხები სარგებლობდნენ, რომელთა ძირითადი ნაწილი “ალტ-ინფოს” მასალებს ავრცელებდა.

პოლიტიკურ შინაარსის არხებიდან, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი კამპანია უფრო მასშტაბურია, ვიდრე მმართველი პარტიის საწინააღდეგო. ოპოზიციის მადისკრედიტირებელი არხების გამოქვეყნებული ვიდეოების რაოდენობა 321-ით აჭარბებდა „ქართული ოცნების“ მადისკრედიტირებელი არხების ვიდეოებს, ინტერაქციის მაჩვენებელი (მოწონება, კომენტარი) 19.5%-ით, ვიდეოების ჯამური ნახვების ოდენობა კი 30.7%-ით. 

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ მადისკრედიტირებელი კამპანიების მასშტაბი და გზავნილები რადიკალურად გაიზარდა.

ტიკტოკის აუდიტორია პოზიტიურ პოლიტიკურ კამპანიებში უფრო მეტად ერთვება. პლატფორმაზე მხარდამჭერმა არხებმა საშუალო ინტერაქციის მეტი მაჩვენებელი დააგროვეს, ვიდრე დისკრედიტაციულებმა.“  – ნათქვამია ანგარიშში.

ISFED–ის ანგარიშის თანახმად, რადგან ტიკტოკზე საგანგაშოა ამომრჩევლის აზრზე მანიპულირებისკენ მიმართული არხების მომრავლება, საჭიროა, რომ ინფორმაციის დაცულობაზე მომუშავე სექტორმა დროულად წამოიწყოს პლატფორმაზე მიმდინარე პოლიტიკური და პროპაგანდისტული კამპანიების სისტემატიური მონიტორინგი.

ISFED–ის დაკვირვებისთვის შეირჩა 2 აგვისტოდან 6 ნოემბრამდე აქტიური, ტიკტოკის 63 არხი, მათ შორის, ქართული ოცნების და ოპოზიციის, როგორც მხარდამჭერი ისე მადისკრედიტირებელი არხები, ასევე, პროპაგანდისტული არხები და  ცრუ მედიის არხები. ცრუ მედიის არხები, კვლევის თანახმად, საინფორმაციო მასალების ფორმით ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, რომ საინფორმაციო არხებს წარმოადგენდნენ, თუმცა გამოქვეყნებული ვიდეოები შერჩევითი იყო და და სავარაუდოდ, პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა.


close დახურვა