logo
ENG



ISFED: ყალბი ანგარიშები სპუტნიკის მასალების გასავრცელებლად კოორდინირებულ სქემას ქმნიან

08 აპრ 202017:42
3 წუთის საკითხავი
 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) „ფეისბუქის“ ქართულ სივრცეში რუსული მედიასაშუალება „სპუტნიკის“ მასალების კოორდინირებულად გავრცელების საეჭვო სქემა აღმოაჩინა, - ამის შესახებ არასამტავრობო ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი. 

როგორც ISFED-ში აცხადებენ, „ფეისბუქის“ ღია წყაროებზე დაკვირვების შედეგად, ორგანიზაცია მივიდა დასკვნამდე, რომ „ფეისბუქის“ ყალბი პირადი ანგარიშები და გარკვეული თემატური „ფეისბუქ“ გვერდები „სპუტნიკის“ ვებ-გვერდზე განთავსებული მასალების გასავრცელებლად არაავთენტურ კოორდინირებულ სქემას ქმნიან.

„სამართლიანმა არჩევნებმა სპუტნიკთან დაკავშირებული 17 სავარაუდოდ არაავთენტური ანგარიში, 11 ყალბი, შენიღბული „ფეისბუქ“ გვერდი და 41 საჯარო ფეისბუქ ჯგუფი აღმოაჩინა, სადაც „სპუტნიკის“ მასალები საეჭვო ფორმებით ორგანიზებულად ვრცელდება. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ამ სქემით გავრცელებული კონტენტი, როგორც წესი, პოლიტიკური ხასიათის არ არის და ძირითადად პოზიტიური ან სკანდალური შინაარსით გამოირჩევა. აღნიშნული სქემით „სპუტნიკის“ მასალების გავრცელება, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს, „სპუტნიკის“ ვებ-გვერდზე ტრაფიკის გაზრდას. შესაძლოა, მიზანი იყოს ასევე, ვებ-გვერდის ვიზიტორების პირადი ციფრული ინფორმაციის შეგროვებაც.

ორგანიზაციის დაკვირვებით, ერთი და იმავე ყალბი ანგარიშების მიერ ქართულენოვან „ფეისბუქ“ გვერდებსა და ჯგუფებში ვრცელდება sputnik-georgia.com-ის სტატიები, ხოლო საქართველოს შესახებ შექმნილ რუსულენოვან „ფეისბუქ“ წყაროებზე sputnik-georgia.ru-ს მასალები. 

მაგალითად, კორონავიურისის ეპიდემიისას იტალიაში მყოფი ემიგრანტის „ფეისბუქ“ სტატუსთან დაკავშირებული სტატიის კითხვისას, მკითხველი იღებს შეთავაზებას წაიკითხოს სტატია, რომელიც რუსეთის მიერ იტალიისთვის დახმარების აღმოჩენას ეხება. ბმული შეიცავს ვიდეოს, რომელიც რუსული პროპაგანდის ნაწილს წარმოადგენს.

სამართლიანი არჩევნების მიერ აღმოჩენილი „სპუტნიკთან“ დაკავშირებული პერსონალური ანგარიშებისა და გვერდების კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა არღვევს „ფეისბუქის“ პლატფორმის გამოყენების სავალდებულო სტანდარტების მე-20 პუნქტს, რომლის მიხედვითაც პლატფორმაზე აკრძალულია არაავთენტური ქმედება, კერძოდ, აკრძალულია ყალბი ანგარიშების მიერ კონტენტის რეიტინგის ხელოვნურად გაზრდა ან ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც მიმართულია „ფეისბუქის“ სავალდებულო სტანდარტების დარღვევისკენ. „ფეისბუქის“ ეს გაცხადებული პოლიტიკა მიზნად ისახავს სოციალურ ქსელში ადამიანებს შორის ნდობაზე დამყარებული კომუნიკაციისა და ინტერაქციის სივრცის შექმნას.

სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებულია „სპუტნიკის“ მასალების არაავთენტური გავრცელების ორი ტაქტიკა:

  1. ერთი სქემის მიხედვით, სპუტნიკის გასავრცელებლად გამოიყენება მრავალრიცხოვანი გამომწერების მქონე, ერთი შეხედვით „უწყინარი“ „ფეისბუქ“ გვერდები, რომლებზეც ძირითადად იპოსტება პოზიტიური ფოტოები ყვავილების, ბავშვების, ცხოველების ან ქალაქების გამოსახულებით და ამგვარ რამდენიმე პოსტს შემდგომ მოყვება „სპუტნიკის“ ლინკის სახით პოსტის გაზიარება. ამ ხერხით, „ფეისბუქ“ მომხმარებლისთვის „სპუტნიკის“ სტატიის ხილვა საეჭვო არ ხდება, თუმცა იგი გაუაზრებლად ხვდება რუსული საინფორმაციო ოპერაციის ქსელში.
  2. მეორე სქემის მიხედვით ყალბი პერსონალური ანგარიშები „ფეისბუქის“ დახურულ თუ ღია ჯგუფებში „სპუტნიკის“ სტატიებს შერჩევითად, ჯგუფის თემატიკის შესაბამისად ავრცელებენ. ეს ანგარიშები „სპუტნიკის“ ბმულებს, ერთმანეთის მონაცვლეობით, სხვადასხვა ჯგუფებში ისე პოსტავენ, რომ ჯგუფის წევრებისთვის და შესაძლოა ადმინისტრატორებისთვისაც, კოორდინაციის ეს სქემა, შესაძლოა, შეუმჩნეველი რჩება.

მსგავსი შეფარული სქემით „სპუტნიკის“ მასალების გავრცელება შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი იყოს, რადგან ამ სქემით შესაძლოა მომხმარებლები რუსული საინფორმაციო გავლენის სივრცეში გაუაზრებლად აღმოჩნდნენ. „სპუტნიკ-საქართველოს“ ვებ-გვერდზე გადასვლის შემთხვევაში ვიზიტორს ეძლევა სიახლეების გამოწერის შეთავაზება, რომელზე დათანხმების შემთხვევაშიც აპლიკაცია ითხოვს ვებ-ბრაუზერში შეტყობინებების ნებართვას, თუმცა მომხმარებლის შესახებ შეგროვებული ინფორმაციის დეტალები უცნობია. მსგავსი ხერხით მიღებული ნებართვა წარმოადგენს მომხმარებლის არაინფორმირებულ თანხმობას.

სამართლიანმა არჩევნებმა აღმოაჩინა 11 გვერდი, რომლებზეც შენიღბულად ვრცელდება „სპუტნიკ-საქართველოს“ მასალები. ამ გვერდების მომწონებელთა რაოდენობა 16 თებერვლის მდგომარეობით 762,832-ს შეადგენს.

ყალბი ანგარიშები „სპუტნიკის“ მასალების გასავრცელებლად ქართულენოვანი ღია ჯუფებიდან აქტიურად იყენებენ პოლიტიკური შინაარსის და ელფერის მქონე ჯგუფებსაც, რომლებიც მმართველი პარტიის ლიდერებს კახი კალაძეს და ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. მათთან ერთად გასავრცელებლად გამოიყენება ჯგუფი „გიორგი მარგველაშვილი გისმენთ, მეგობრებო“.

მაგალითისთვის, 11 თებერვლის მდგომარეობით, ჯგუფში სახელწოდებით „კახა კალაძე თბილისის მერი“ ერთი წლის მანძილზე სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებული ყალბი ანგარიშების მიერ გაზიარებული იყო „სპუტნიკის“ 254 სტატია. 

„სპუტნიკთან“ დაკავშირებული ყალბი ანგარიშებისა და ქცევის გაანალიზებით, ნათელი ხდება, რომ კრემლის საინფორმაციო სააგენტოს „რაშა თუდეი“-ს ქოლგის ქვეშ მოქმედი „სპუტნიკის“ ქართული მასალების გასავრცელებლად და მათი აუდიტორიის გასაზრდელად „ფეისბუქის“ პლატფორმა საქართველოში ბოროტად გამოიყენება. „სპუტნიკთან“ დაკავშირებულ ანგარიშებს მიზანში ამოღებული ჰყავთ სხვადასხვა ინტერესების მქონე „ფეისბუქ“ მომხმარებლები და მათ, როგორც სამიზნე აუდიტორიას, შერჩევითად, მიზანმიმართულად აწვდიან ფორმით და შინაარსით ნეიტრალურ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც კრემლის საინფორმაციო ოპერაციებისთვის ორგანიზებული ინფრასტრუქტურა იქმნება და „ფეისბუქ“ მომხმარებელი ინფორმირებული თანხმობის გარეშე ექცევა „სპუტნიკის“ საინფორმაციო ხაფანგში.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო რუსული საინფორმაციო ომის ფრონტის ხაზს წარმოადგენს, ნებისმიერი კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებით საფრთხისშემცველია და მომხმარებლების საინფორმაციო მოწყვლადობისკენ არის მიმართული. ეს ოპერაციები შესაძლოა მიზნად ისახავდნენ მოქალაქეებში კრემლისტური საინფორმაციო აგენტების მიმართ ნდობის მოპოვებას, ყურადღების მოდუნებას, მათზე ინფორმაციის შეგროვებას, რაც ზრდის საქართველოში  რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციის გავლენის საფრთხეს 2020 საპარლამენტო არჩევნების წინ“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა