logo
ENG



ISFED: წინასაარჩევნო პერიოდი უცხოური გავლენის კანონის მიღებამ მნიშვნელოვნად დააზიანა

25 ივნ 202413:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/25/yi04kyd5fz1qlav.jpg

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულმასშტაბიან მონიტორინგს განახორციელებს, წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.

ISFED-ის განცხადების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, რადგან ეს არჩევნები იქნება პირველი  საქართველოს ისტორიაში, რომელიც EU-ს წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება და ასევე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

"ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად, ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გაცემულ 9 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა", - წერია განცხადებაში.

ISFED-ის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებამ მნიშვნელოვნად დააზიანა.

"აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ და დემოკრატიულ განვითარებას და ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედია ორგანიზაციების არსებობას... ამ ვითარებაში, საზოგადოების მხრიდან საარჩევნო პროცესების შეფასებისა და ნდობის მიზნით, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება არჩევნების მიუკერძოებელ დაკვირვებას", - აღნიშნა ISFED-მა.

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაახლოების პარალელურად, ქვეყანაში ანტიდასავლური, მათ შორის, ევროსკეპტიკური გზავნილები მომძლავრდა.

"ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად მმართველმა პარტიამ ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსისა და ევროინტეგრაციის უალტერნატივობა, რითაც საზოგადოებაში არსებული პროევროპული კონსენსუსის გადასინჯვა სცადა", - ვკითხულობთ განცხადბაში.

ამასთან, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვეყნის ისტორიაში პირველად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ დასანქცირდნენ, რასაც, ISFED-ის აზრით, სავარაუდოდ, დამატებითი როლი ექნება წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათის განსაზღვრაში. 

სამართლიანი არჩევნები საარჩევნო პროცესის სრულ მონიტორინგს 5 თვის განმავლობაში განახორციელებს. მათი თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაცია შეიმუშავებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს.


close დახურვა