logo
ENG



ISFED ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეწყვიტოს მათი დისკრედიტაციის კამპანია

02 აგვ 202113:33
3 წუთის საკითხავი
clock 871
ISFED ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეწყვიტოს მათი დისკრედიტაციის კამპანია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერ თავდასხმებთან დაკავშირებით და მას მმართველი პარტიის მიერ "სამართლიანი არჩევნების" წინააღმდეგ წარმოებული მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელებად მიიჩნევს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ 1 აგვისტოს, ხობში, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ორგანიზაციის გრძელვადიან დამკვირვებელს, რომელიც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის წარდგენას უწევდა მონიტორინგს. ბერაიამ ორგანიზაციის დამკვირვებელს „მატყუარა“ უწოდა და „გამყალბებელი,“ „ქვეყნის გადამტრიალებელი“ და „ნაციონალებთან [ენმ] შეკრული“ ორგანიზაციის წარმომადგენლად მოიხსენია. 

29 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ, ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ მკვლევარებთან გამართულ შეხვედრაზე „სამართლიან არჩევნებს“ „დაბალი სტანდარტის მქონე“ სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ შეხვედრას „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი წარმომადგენელიც ესწრებოდა. 

ISFED-ის შეფასებით, მმართველი პარტიის წევრები ბოლო თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად ცდილობენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვასა და მათი პროფესიონალიზმის ეჭვქვეშ დაყენებას, განსაკუთრებით კი, „სამართლიანი არჩევნების“ საქმიანობის დელეგიტიმაციას, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მასშტაბურ სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს. 

"ამ მიზნის მისაღწევად, მმართველი პარტია ყველა შესაძლებლობას იყენებს, მათ შორისაა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მანდატიც. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო კომისიის მიკერძოებული დასკვნებით, პრო-სახელისუფლებო ტელეარხებზე შეინიშნება საინფორმაციო კამპანია ორგანიზაციის წინააღმდეგ, რასაც ემატება მმართველი პარტიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ორგანიზაციის საქმიანობის წინააღმდეგ გამოქვეყნებული და დასპონსორებული პოსტი. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ თითქმის ყველა საჯარო პლატფორმაზე აქტიურად ხდება ორგანიზაციის წინააღმდეგ აგრესიული, მადისკრედირებელი მოსაზრებების გავრცელება. 

მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების აგრესიული რიტორიკა და ორგანიზაციის თანამშრომლებზე ინდივიდუალური თავდასხმები საგანგაშოა და სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე ზეწოლასა და მისი საქმიანობისთვის ხელშეშლას წარმოადგენს. ეს ყოველივე კი, ეწინააღმდეგება დემოკრატიული მმართველობის პრინციპებსა და ღირებულებებს.  

საარჩევნო პროცესების სამოქალაქო მონიტორინგი დემოკრატიულ საზოგადოებებში არჩევნების გამჭვირვალე და თანასწორ გარემოში ჩატარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ღრმად გვწამს, რომ ის ექსპერტული გამოცდილება, რომელიც ორგანიზაციას და მის ათასობით დამკვირვებელს საარჩევნო სფეროში დაუგროვდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში წარმართვის საქმეში.

სწორედ ამიტომ, "სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ორგანიზაციასა და მის დამკვირვებლებზე ზეწოლა. შევახსენებთ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობის უსაფრთხო და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვა, მათ შორის დამკვირვებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უმთავრესად სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. 

თავის მხრივ, „სამართლიანი არჩევნები“ კვლავაც გააგრძელებს მისი დამკვირვებლების საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვისთვის ზრუნვას და ყოველ ღონეს იხმარს, რათა მათი მიგნებები და მონიტორინგის შედეგები ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი". - აცხადებს სამართლიანი არჩევნები. 


close დახურვა