ვაგნერის დაჯგუფების ხელმძღვანელი, სერგეი პრიგოჟინი აცხადებს, რომ დაჯგუფებას ბახმუტის ბრძოლების შემდეგ იდეოლოგიურ სამხედრო ორგანიზაციად გარდაქმნის.
ამის შესახებ ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს და მიუთითებს, რომ პრიგოჟინი, შესაძლოა, ვაგნერის დაჯგუფებაში ახალგაზრდების, მათ შორის სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას გეგმავდეს.
როგორც ISW-ის მიერ გამოქვეყნებულ ცნობებშია საუბარი, პრიგოჟინმა 11 მარტს განაცხადა, რომ ვაგნერის დაჯგუფება "ბახმუტის აღების შემდეგ", იდეოლოგიურ დეტალებზე დაფუძნებულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდება - ამის ფარგლებში, დაჯგუფებამ მთელი რუსეთის მასშტაბით უკვე დაიწყო რეკრუტირების ცენტრების გაფართოება, მათ შორის 6 ახალი ცენტრი გახსნა სკოლებსა და სპორტულ კლუბებში.
რუსულმა ოპოზიციურმა მედიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრომ მურმანსკის ოლქში გაკვეთილებზე ვაგნერის წარმომადგენლები ჩართო, რომლებიც მათი იდეოლოგიის პოპულარიზაციას ცდილობენ და "გმირულ ისტორიებს" ჰყვებიან.
ISW აქვე მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით, ვაგნერის დაჯგუფება მიზნად ისახავს, ახალგაზრდებზე ორიენტირებული ამ კამპანიების შედეგად, დაჯგუფება ამ ახალგაზრდებით დააკომპლექტოს და მათ რუსული ულტრანაციონალიზმის შესახებ პრიგოჟინის ექსტრემისტული იდეოლოგია შთააგონოს.