logo
ENG



ISW: პუტინი იტყუება, რუსეთში მობილიზაციამ მოსალოდნელი შედეგი არ გამოიღო

05 ნოე 202215:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/05/wojz4cx3eepp6nm.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იტყუება, რუსეთში მობილიზაციამ მოსალოდნელი შედეგი არ გამოიღო.

ISW-ს თქმით, პუტინი, სავარაუდოდ, ფარული მობილიზაციის გასაგრძელებლად პირობებს ქმნის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნაწილობრივმა მობილიზაციამ არ შექმნა საკმარისი ძალები უკრაინაში პუტინის მაქსიმალისტური მიზნების მისაღწევად, მიუხედავად იმისა, რომ ის საპირისპიროს ამტკიცებს.

"რუსეთის ძვირადღირებული მობილიზაციის ძალისხმევა გააგრძელებს ზეწოლას რუსეთის ეკონომიკაზე და შეიძლება გამოიწვიოს სოციალური დაძაბულობა, თუ კრემლი ვერ შეასრულებს თავის ფინანსურ ვალდებულებებს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მონაწილეების წინაშე.

ამავდროულად, რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, ცდილობენ გამოიყენონ მობილიზებული პერსონალი დონეცკის შეტევითი ოპერაციის აღსადგენად, მაგრამ დიდი ალბათობით ვერ მიაღწევენ ოპერატიულად მნიშვნელოვან წარმატებას," - ნათქვამია განცხადებაში.

ISW ასევე ვარაუდობს, რომ ირანი იყენებს რუსეთის დამოკიდებულებას ირანულ შეიარაღებულ სისტემებზე, რათა რუსეთის ფედერაციას დახმარება სთხოვოს ბირთვული პროგრამის განხორციელებაში. ამასთან, ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ჯარებმა შეიძლება დეზერტირების წინააღმდეგ უკიდურესი ზომები გამოიყენონ. ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, მეთაურებმა შესაძლოა, დეზერტირების დახვრეტას მიმართონ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება. თუმცა, 4 ნოემბერს, პუტინმა განაცხადა, რომ მობილიზებულთა რაოდენობამ 318 000 ადამიანს მიაღწია.


close დახურვა