logo
ENG



ISW: რუსეთი საინფორმაციო სივრცეზე კონტროლის გაძლიერებას აგრძელებს

22 ნოე 202211:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/22/dikojkm33u2indk.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის მთავრობა საინფორმაციო სივრცეზე კონტროლის ზრდას აგრძელებს და ამ ზომების საკანონმდებლო დონეზე გატარებასაც განიხილავს.

როგორც ISW წერს, სახელმწიფო დუმამ ონლაინ ალგორითმების რეგულირების შესახებ კანონპროექტი, შესაძლოა, 2022 წლის დასრულებამდე მიიღოს, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, კონკრეტული ალგორითმები გათიშოს.

არსებული ინფორმაციით, კანონპროექტს დუმას დეპუტატი საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში, ანტონ გორელკინი ამუშავებს. ის, დიდი ალბათობით, მოიცვას სოციალური ქსელების, ონლაინ კინოთეატრების, საძიებო მექანიზმებისა და ინტერნეტ ბაზრების რეგულირებას - ISW-ის ინფორმაციით, კანონპროექტით ვებსაიტებისა თუ პლატფორმების მფლობელები ვალდებულები იქნებიან, მთავრობა უზრუნველყონ შესაძლებლობით, რომ კონკრეტული მომხმარებლების მონაწილეობა სრულად ან ნაწილობრივ დაბლოკონ. 

რუსეთის მთავრობის მიერ საინფორმაციო სივრცის კონტროლის გაძლიერება დროში ემთხვევა რუსული ჯარის მიმართ კრიტიკის ზრდას - ამ ზომების საკანონმდებლო დონეზე გატარებით კრემლი, დიდი ალბათობით, აპირებს, ჩაახშოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარედან მომდინარე განცხადებები, რომლებიც მათი შეფასებით, რუსეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.

13 ნოემბერს ISW წერდა, რომ ხერსონიდან რუსეთის გასვლამ ომის მომხრეებსა და ვლადიმერ პუტინს შორის იდეოლოგიური ბზარი გამოიწვია - რუსეთის პრეზიდენტი გააკრიტიკა ალექსანდრ დუგინმაც, რომელმაც თქვა, რომ ხერსონის დათმობით პუტინმა რუსული იდეოლოგიის დაცვა ვერ შეძლო.

ISW აღნიშნავდა, რომ ომის მომხრე საზოგადოების მხრიდან პუტინის პირდაპირი კრიტიკა თითქმის უპრეცედენტოა, ხოლო დუგინის მიერ პუტინის მსგავსი ფორმით კრიტიკა, შესაძლოა, მიუთითებდეს რუსი ნაციონალისტი იდეოლოგებს შორის ცვლილებაზე.


close დახურვა