ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი შიშობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კეთილგანწყობას დაკარგავს.
"რამზან კადიროვი აგრძელებს ძალისხმევას ჩეჩნეთის მნიშვნელობის შესანარჩუნებლად რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში. 13 მარტს, კადიროვი პუტინს შეხვდა, რათა ჩეჩნეთის 2022 წლის სოციალურ-ეკონომიკური მიღწევები განეხილათ. კადიროვმა შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეჩენი მებრძოლები ერთგულად ასრულებენ პუტინის ბრძანებებს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ შეხვედრის დროს კადიროვი აშკარად ნერვიულობდა, რაც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ მასზე დიდი ზეწოლა იყო, რათა ჩეჩნეთი, საკუთარი თავი და მისი ჯარები პუტინისთვის პოზიტიური და პროდუქტიული კუთხით წარედგინა.
"ჩეჩნური ქვედანაყოფები მინიმალურ როლს ასრულებენ უკრაინის ფრონტზე და ძირითადად ატარებენ შეტევით ოპერაციებს ბელოგოროვკას მახლობლად ლუჰანსკის რეგიონში. ამიტომ, კადიროვს შეიძლება ეშინოდეს, რომ პუტინის კეთილგანწყობას კარგავს, რადგან მას შეუძლია ჩეჩნების საბრძოლო მიღწევების კუთხით ცოტა რამ აჩვენოს", - ნათქვამია განცხადებაში.
ISW-ს თქმით, კადიროვს, სავარაუდოდ, შეხვედრის დროს იმედი ჰქონდა, რომ გააუმჯობესებდა და გააძლიერებდა საკუთარ რეპუტაციას. პუტინი, თავის მხრივ, შესაძლოა, იმედოვნებს, რომ კადიროვზე ზეწოლას მოახდენს, რათა გაზარდოს ჩეჩენი მებრძოლების როლი ბრძოლაში.