logo
ENG



ISW: კრემლი, სავარაუდოდ, მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება

19 ნოე 202211:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/19/s4fc8zrcc3h6ojg.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საშემოდგომო გაწვევა მიმდინარეობს, რუსეთი კვლავ ემზადება ფარული მობილიზაციისთვის, რაც მათი შეფასებით, კიდევ უფრო დააზიანებს უკრაინის ფრონტზე რუსული ჯარების გადაყვანის საერთო ხარისხს.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულება 31 ოქტომბერს ოფიციალურად გამოაცხადა, ISW წერს, რომ რუსულ ტელეგრამ არხების მიხედვით, კრემლი მეორე ტალღისთვის აქტიურად ემზადება - მათი ცნობით, გავრცელდა ფოტოები, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიიღო გაწვევის ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ მობილიზაციაზე 2023 წლის იანვარში უნდა გამოცხადდეს.

"ნაციონალისტი სამხედრო ბლოგერები დამატებით ავრცელებენ ცნობებს, რომ საყოველთაო მობილიზაცია დეკემბერში ან იანვარში დაიწყება. დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ 18 ნოემბერს გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, სადაც ნაჩვენებია, რომ სახელმწიფო სტრუქტურები და საწარმოები თავიანთ თანამშრომლებს მობილიზაციისთვის ამზადებენ და მათ სხვადასხვა საწვრთნელ პროგრამასა და მობილიზაციასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო კურსებზე გზავნიან", - აღნიშნულია ანგარიშში.

სხვა რუსული გამოცემის თანახმად კი, მოსკოვის ოლქის ერთ-ერთმა სამხედრო სასამართლომ უნებლიედ დაადასტურა, რომ მობილიზაცია მისი ფორმალურად დასრულების მიუხედავად, მაინც გრძელდება - კერძოდ სასამართლომ მობილიზებული სამხედრო 13 ნოემბერს თავისი მეთაურის ცემაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს "სამხედრო სამსახურის ვალდებულებების შესრულების დროს ან მობილიზაციის პერიოდში ამ ვალდებულებების შესრულებასთან კავშირში" გააკეთა.

ISW აღნიშნავს, რომ მიმდინარე საშემოდგომო გაწვევასთან ერთად ფარული მობილიზაციის ძალისხმევის გაგრძელება და პოტენციური მზადება მობილიზაციის კიდევ ერთი ტალღისთვის, კიდევ უფრო აზიანებს უკვე გადატვირთულ რუსული ძალების ფორმირების მექანიზმს.

ომის კვლევის ინსტიტუტი მიუთითებს, რომ ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია პირველი ნოემბრის გაწვევის კლასისთვის ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გასათავისუფლებლად შეაჩერა, თუმცა მათი თქმით, აშკარაა, რომ რუსეთის ხელისუფლებას სრულიად არასდროს შეუწყვეტია მობილიზაციის ძალისხმევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მობილიზებული სამხედროები იძულებულები არიან სამხედრო წვრთნები წვევამდელებთან ერთად გაიარონ. ISW-ის შეფასებით, ეს კიდევ უფრო შეასუსტებს რუსული ჯარების მომზადების საერთო ხარისხს.

31 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა, თუმცა ოფიციალური განკარგულება არ მიუღიათ, რადგან როგორც დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, "საჭირო არ იყო".

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

პუტინის ცნობით, სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებოდნენ რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

4 ნოემბერს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში მობილიზებულთა რაოდენობამ 318 000 ადამიანს მიაღწია, თუმცა მეორე დღეს ომის კვლევის ინსტიტუტმა დაწერა, რომ ვლადიმერ პუტინი იტყუება, რუსეთში მობილიზაციამ მოსალოდნელი შედეგი არ გამოიღო.


close დახურვა