ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინაში რუსეთის საბრძოლო წარუმატებლობებმა და მობილიზაციის გამოცხადებამ პუტინის მთავარ მხარდამჭერ ჯგუფებს შორის განხეთქილება გამოიწვია.
ომის კვლევის ინსტიტუტის გამოყოფს 3 ჯგუფს, ვისაც მათი ცნობით, სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს უკრაინაში ომზე. ესენი არიან: 1. სამხედრო ჟურნალისტები და ბლოგერები, 2. ყოფილი სამხედრო ოფიცრები და 3. უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლები და მათი ძალაუფლებრივი რესურსები, მათ შორის მოიაზრებიან ვაგნერის ჯგუფის შემქმნელი იევგენი პრიგოჟინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც.
ინსტიტუტის ცნობით, პუტინს ამ სამივე ჯგუფისგან სჭირდება მხარდაჭერა, თუმცა თითოეულს ომისადმი განსხვავებული მიდგომები აქვს და მათ შორის განხეთქილებამ, შესაძლოა, პუტინის რეჟიმის სტაბილურობაზეც იქონიოს გავლენა. ამ ჯგუფებს შორის განხეთქილება კი, ISW-ის ცნობით, ფრონტზე დამარცხებების და მობილიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებული არეულობის გამო დაიწყო.
ISW აცხადებს, რომ მაგალითად, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და ვაგნერის ჯგუფის შემქმნელი იევგენი პრიგოჟინი ეწინააღმდეგებიან ომისადმი ტრადიციულ მიდგომას, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით მიმართავს. ისინი ემხრობიან რუსების ომში ბრძოლის ფორმის შეცვლას და სურთ პერსონალის მობილიზებისა და ბრძოლის არატრადიციული მეთოდების გამოყენება. ინსტიტუტის ცნობით, პუტინს სჭირდება ჩეჩნეთის ძალები და ვაგნერის ჯგუფი უკრაინაში ბრძოლისთვის, თუმცა იმავდროულად ვერც შოიგუს ჩამოართმევს უფლებამოსილებას, რადგან თავდაცვითი ძალები უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ და ასევე საჭირო უწყებაა მობილიზაციის განხორციელებისა და ომის გაგრძელებისთვის.
ამერიკელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პუტინი ცდილობს, ყველა ეს ადამიანი ერთ ჯგუფში გააერთიანოს. მაგალითად: სამხედრო ბლოგერები სახელმწიფო ტელევიზიებში ხშირად ჩანან, რუს ე.წ სილოვიკებს - ადამიანებს, ვისაც მნიშვნელოვანი ძალაუფლება და საკუთარი ჯარები ჰყავთ, აძლევს უფლებას, შეინარჩუნონ საკუთარი ჯარები და გააგრძელონ ბახმუტისა და დონეცკის მიმართულებით დაწინაურების მცდელობა და რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოაცხადა სამხედრო მობილიზაცია, რასაც ვეტერანები დიდი ხანია ითხოვდნენ.
ISW-ის თქმით, პუტინი დილემის წინაშეა, ვინაიდან არც რომელიმე ჯგუფის დაკარგვის ფუფუნება აქვს და ვერც ყველა მათგანის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. საბოლოო ჯამში კი პუტინის მთავარ მოკავშირეებს შორის "ნაპრალები ღრმავდება" და ამან შესაძლოა გააჩინოს კითხვები, "აქვს თუ არა მას სრული კონტროლი საკუთარ მხარდამჭერებზე."
"პუტინს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ნებისმიერი ამ ჯგუფის მხარდაჭერა დაკარგოს, არც ის შეუძლია, რომ ყველა მათგანი კმაყოფილი დატოვოს მაშინ, როცა ომი გრძელდება და რუს სამხედროებს კვლავ სტაბილურად აქვთ მარცხი. ხარკივის და ლიმანის მარცხების შოკმა, რასაც დაემატა ნაწილობრივი მობილიზაცია და მისი უხარისხო მენეჯმენტი, ეს გაღრმავებადი ნაპრალები პუტინის მთავარ ამომრჩევლებს შორის მთელი რუსეთისთვის თვალსაჩინო გახადა. ამან ასევე შესაძლოა გამოიწვიოს იმ აზრის დათესვა, რომ პუტინს საკუთარ მხარდამჭერების ბაზაზე სრული კონტროლი არ აქვს. მისი რეჟიმისთვის მოვლენების ამგვარი განვითარების შედეგები რთული განსაჭვრეტია“ - აცხადებს ომის კვლევის ინსტიტუტი.