ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის ვაგნერის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი უკრაინის მოსაზღვრე კურსკისა და ბელგოროდის რეგიონებში სამხედრო სტრუქტურების შექმნას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეჭრის საფრთხე არ არსებობს.
ISW საუბრობს უკრაინის მიერ ხერსონში მიღწეულ წარმატებაზეც და მიუთითებს, რომ მას შემდეგ რაც რუსებმა უკან დაიხიეს, უკრაინული ძალები ხერსონის ოლქის დასავლეთ (მარჯვენა) სანაპიროს გათავისუფლებას ასრულებენ.
"რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსულმა ძალებმა 11 ნოემბრის 05:00 საათზე დაასრულეს გაყვანა მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ (მარცხენა) სანაპიროზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედროების კონტინგენტები, დიდი ალბათობით, კვლავ რჩებიან დასავლეთ სანაპიროზე, ისინი, სავარაუდოდ, მთელს რეგიონში არიან გაფანტულები და უკან დახევას ცდილობენ, რადგან უკრაინული ძალები მდინარე დნეპრისკენ მიიწევენ", - აღნიშნულია ახალ ანგარიშში.
მათი თქმით, უცნობია, ზუსტად რამდენი რუსი სამხედრო რჩება დასავლეთ სანაპიროზე ამ დროისთვის, თუმცა რუსი წყაროები აღნიშნავენ, რომ უკან დახევამ სამ დღეს გასტანა - მდინარე დნეპრზე 20 000 რუსი სამხედრო და 3 500 ერთეული სამხედრო აღჭურვილობა გადაიყვანეს.
ISW სატელიტის ფოტოებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რუსმა სახმედროებმა ნამდვილად გაანადგურეს რამდენიმე ხიდი, როგორც ბოლო მცდელობა, რომ ხერსონის ოლქში უკრაინელების წინსვლა შეეფერხებინათ.
"სატელიტის ფოტოები, ასევე, აჩვენებს, რომ რუსმა სამხედროებმა მდინარე დნეპრის სამხრეთით მოამზადეს პირველი და მეორე თავდაცვის ხაზები და უახლოეს დღეებში, დიდი ალბათობით, მარცხენა სანაპიროზე პოზიციების გასამყარებლად ძალისხმევას გააგრძელებენ", - ნათქვამია დოკუმენტში.
ISW-ის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები გააგრძელებენ ძირითადი გზებისკენ სვლას და მომდევნო დღეებში დამატებით დასახლებებს გაათავისუფლებენ - მათი შეფასებით, ისინი დაასრულებენ გათავისუფლებას იმ ტერიტორიების, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის მათი კონტროლის ქვეშ.
გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სახმედროებმა ხერსონში შესვლა დაიწყეს - ამაზე ისაუბრა რუსეთის თავდაცვამაც და აღნიშნა, რომ ხერსონიდან 30 ათასზე მეტი სამხედრო გაიყვანეს.