ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უცვლელი მიზანი - უკრაინის სახელმწიფოს განადგურება.
"პუტინმა თქვა, რომ უკრაინის სუვერენიტეტის ერთადერთი რეალური გარანტია შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი, რომელმაც "შექმნა" უკრაინა. მისი განცხადებები უარყოფს იურიდიულ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაციამ აღიარა უკრაინის სუვერენიტეტი და უკრაინელი ხალხი არსებობს ცალკე ერად.
პუტინის ნარატივი, რომ უკრაინელი და რუსი ხალხი ერთია, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა სახელმწიფოებად თვითნებური ისტორიული გარემოებებით, მოწმობს მის მუდმივ მიზანზე, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო და წაშალოს უკრაინელი ხალხის ცნება," - ნათქვამია განცხადებაში.
ISW თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის უარყოფას ისეთი გზებით, რაც ფუნდამენტურად შეუთავსებელია სერიოზულ მოლაპარაკებებთან. ამასთან, ომის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ თავდაცვით მზადებას ხერსონის რეგიონში დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
გუშინ პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ ვალდაის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთ, ნამდვილ, სერიოზულ გარანტორად ყოფნა მხოლოდ რუსეთს შეეძლო, რომელმაც თავად შექმნა ამჟამინდელი უკრაინა.