ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსებმა დონბასზე თავდასხმის ტემპი გაზარდეს და ცდილობენ მცირე წარმატებას მაინც მიაღწიონ.
"რუსმა ოკუპანტებმა დონბასზე თავდასხმის ტემპი გაზარდეს. ისინი ცდილობენ მცირე წარმატებას მაინც მიაღწიონ, სანამ მთლიანად დაკარგავენ ფრონტზე ინიციატივას. რუსებმა მცირე წარმატებას მიაღწიეს ბახმუტსა და მის შემოგარენში, ხოლო ოკუპანტებმა ავდეევკას ირგვლივ მოქმედების ტემპი გაზარდეს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ამერიკელი ექსპერტების თქმით, ავდეევკაში შეტევის ტემპის ზრდამ დიდი დანაკარგები გამოიწვია. ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის შეტევამ, შესაძლოა, აიძულოს უკრაინული ჯარები, გავიდნენ ბახმუტიდან ან ავდეევკადან. თუმცა, მათი თქმით, ამის ნიშნები არ ჩანს.
ISW-ს ცნობით, რუსი ოკუპანტები ვერ აღწევენ დასახულ მიზნებს, მათ შორის ქალაქ ბახმუტის აღებას, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინელი სამხედროების ხელშია. ამავდროულად, ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის "დიდი შეტევა" უკრაინაში, სავარაუდოდ, კულმინაციას უახლოვდება.
16 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები აგრძელებენ ბახმუტის შტურმს და აპირებენ, განაახლონ შეტევა ვუჰლედარზე.