logo
ENG



ISW: რუსებმა პრიორიტეტი შეცვალეს და ბახმუტის აღების ნაცვლად, კონტრშეტევისთვის ემზადებიან

06 მაი 202310:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/06/62sxaxk9tqssw8k.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, როგორც ჩანს, პრიორიტეტები შეცვალა და ბახმუტის აღების ნაცვლად, უკრაინის კონტრშეტევისთვის ემზადება.

ISW ამას რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით ამბობს - კერძოდ, პრიგოჟინმა წინა დღეებში ვაგნერის მიერ ბახმუტის დატოვების გეგმის შესახებ ისაუბრა - მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის აღჭურვილობას არ მიიღებენ, ქალაქს 10 მაისს დატოვებენ. 5 მაისს პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეოც, სადაც მისი განცხადებით, გარდაცვლილი "ვაგნერელები" ჩანან.

გავრცელებულ ვიდეოში პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს და რუსული ჯარის ხელმძღვანელობას [თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს] აგინებს. პრიგოჟინი ამბობს, რომ საბრძოლო მასალის 70%-იან ნაკლებობას განიცდიან. ის რუსეთის ხელმძღვანელობას აკრიტიკებს, იმის გამო, რომ საჭირო შეიარაღებას არ აწვდიან.

ISW მიუთითებს, რომ კრემინას ტერიტორიაზე და დონეცკის მახლობლად ლოკალიზებული თავდასხმების გარდა, რუსულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები მეტწილად შეწყვიტეს, რაც სავარაუდოდ თავდაცვაზე გადასვლას მიანიშნებს. ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინის კონტრშეტევისთვის მარაგებისა და საბრძოლო აღჭურვილობების დაზოგვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დროული გადაწყვეტილება იქნება, ხოლო პრიგოჟინის ბოლოდროინდელი ვიდეოები მიუთითებს, რომ რუსეთი სწორედ ამას აკეთებს.

პარალელურად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ვაგნერელებს ამოეწურათ არა საბრძოლო მასალა, არამედ მებრძოლები. ბახმუტი უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელ სექტორად რჩება - ორივე მხრიდან დიდი რაოდენობით მსხვერპლია.

ქალაქისთვის ბრძოლები ცხრა თვეა - გასული წლის აგვისტოდან, გრძელდება. მიუხედავად ეტაპობრივი წინსვლისა, რუსული ძალები ვერ ახერხებენ ქალაქის სრულად აღებას. თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბი ამბობს, რომ რუსეთმა ბახმუტისთვის ბრძოლაში ბოლო 5 თვეში 20 000 სამხედრო დაკარგა. კირბი ამბობს, რომ ეს მონაცემები ამერიკის დაზვერვამ მოიპოვა. მისივე თქმით, დაღუპული სამხედროების ნახევარს ვაგნერის ჯგუფი წარმოადგენს.


close დახურვა