logo
ENG



ISW: რუსეთი დნიპროზე უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივას სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს

28 ნოე 202209:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/28/biai4psjy54uzoz.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ახალი ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმია აანალიზებს, რომ უკრაინულ ძალებს მდინარე დნიპროს გადალახვა და აღმოსავლეთ ხერსონის ოლქში კონტრშეტევის განხორციელება შეუძლიათ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოკუპანტები ემზადებიან ან გაძლიერებული თავდაცვისთვის, ან ოპერაციების გასაჭიანურებლად, რადგან აშკარად არ ელიან, რომ უკრაინელების მიერ მდინარის გადაკვეთის შეჩერებას შეძლებენ.

ISW აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვითი პოზიციების მიხედვით, ოკუპანტების სამხედრო ხელმძღვანელობა მდინარე დნიპროზე უკრაინელების კონტრშეტევის პერსპექტივას სერიოზულ საფრთხედ აღიქვამს, რადგან ამან, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას კრიტიკულ სახმელეთო კომუნიკაციების ხაზებს.

ISW-ის შეფასებით, რუსებმა, შესაძლოა, თავდაცვის ნაცვლად, მდინარე დნიპროს აღმოსავლეთით უკრაინული ძალების შეტევის შენელება სცადონ - სავარაუდოდ, ისინი მანამ ეცდებიან ამის გაჭიანურებას, სანამ არ შეძლებენ პოზიციების მეტად გამყარებას, რათა უკრაინელები შეაჩერონ მეორეული და მესამეული თავდაცვითი ხაზების გარღვევისგან, რომელიც ყირიმსა და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში კრიტიკულ სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზებს იცავს.

11 ნოემბერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ამას წინ უძღოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მიერ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება - მას ჯარების გაყვანა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურმა, სერგეი სუროვიკინმა შესთავაზა, რასაც შოიგუ დათანხმდა.


close დახურვა