ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთი მობილიზაციის დროს სერიოზული და სისტემური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.
ISW აღნიშნავს, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისები მობილიზაციის პერიოდში იწვევენ კაცებს, რომლებიც შესაძლოა არ აკმაყოფილებდნენ კრემლის მხრიდან ოფიციალურად გამოცხადებულ კრიტერიუმებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადეს, რომ საბრძოლო მზადყოფნის რეზერვისტები და პირველ რიგში, საბრძოლო გამოცდილების მქონე მამაკაცები უნდა იყვნენ მობილიზებული.
"წარუმატებელი ომის დროს მობილიზაციის პირველ დღეებში შეცდომები შეიძლება საკმაოდ გასაგები იყოს, მაგრამ ეს მაინც მეტყველებს იმაზე, რომ სამობილიზაციო ინფრასტრუქტურა დიდი ომისთვის მომზადებული არ იყო. პირველმა პოსტსაბჭოთა სამობილიზაციო კამპანიამ არაეფექტური ბიუროკრატიული სისტემა გამოავლინა, რომელმაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოკლე დროში უზრუნველყოს საჭირო საბრძოლო მზადყოფნის რეზერვი," - ნათქვამია ომის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 1400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აქციები რუსეთის 40-მდე ქალაქში გაიმართა.