ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთი სულ უფრო ხშირად იყენებს დრონებს ზუსტი მართვადი რაკეტების არარსებობის გამო.
ISW-ს თანახმად, 29-30 დეკემბრის ღამეს რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-131 და 136 დრონები გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა მათგანი ჩამოგდეს.
"რუსული უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების სიხშირის ზრდა, შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსულმა ძალებმა შეაგროვეს უფრო მეტი ირანული დრონი სამკვირიანი გამოუყენებლობის შემდეგ (17 ნოემბერი - 7 დეკემბერი), ან რუსეთმა მიიღო ან ელოდება, რომ მიიღოს დრონების ახალი პარტია ირანიდან.
რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძლიერეს უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების ტემპი, რათა გააძლიერონ თავიანთი კამპანია უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ზუსტი მართვადი რაკეტების მარაგი, სავარაუდოდ, ამოწურულია", - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელი ექსპერტების აზრით, რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ დრონების მზარდი რაოდენობით გამოყენებას უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის მიზნით.