ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) განცხადებით, რუსეთის სამხედრო სარდლობა, სავარაუდოდ, ცდილობს, ვლადიმერ პუტინი თავდაცვითი ოპერაციების დაწყებაში დაარწმუნოს, თუმცა შესაძლოა, ამ მესიჯის პუტინისთვის პირდაპირ მიწოდებას ვერ ახერხებენ.
ISW მიუთითებს, რომ ზოგიერთი ულტრანაციონალისტის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ფრონტის ხაზების დაცვის უზრუნველსაყოფად საკმარისი რაოდენობის სამხედრო პერსონალის არსებობისთვის 400 000 სამხედრო მოსამსახურის რეკრუტირებაზე მიანიშნებს. ამასთან, უკრაინის პოტენციური კონტრშეტევის შემდეგ, ძალების შენარჩუნების მიზნით რუსეთის სამხედრო სარდლობა წვევამდელებს ყირიმში აგზავნის.
ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობითვე, რუსეთის თავდაცვის მინისტრსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელს უკრაინის კონტრშეტევის საფრთხე, სავარაუდოდ, გააზრებული აქვთ, მაგრამ პუტინის დაჟინებული მოთხოვნით კონტრაქტორებს უაზრო შეტევითი ოპერაციების განსამტკიცებლად გზავნიან.
ISW კრემლის წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პუტინი კომპეტენტურობაზე მეტად ერთგულებას აფასებს, რაც შოიგუსა და გერასიმოვს, შესაძლოა, ხელს უშლიდეს, ეფექტური თავდაცვისთვის ოპტიმალური პირობების უზრუნველსაყოფად.
როგორც ISW ადრე მიუთითებდა, შოიგუმ და გერასიმოვმა, სავარაუდოდ, პუტინი ვერ დაარწმუნეს 2022 წლის მაისში მობილიზაციის ჩასატარებლად, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში შეტევითი ოპერაციების შენარჩუნებისთვის ძალების აღსადგენად მსგავსი ღონისძიებების წარმართვა რუსეთს სჭირდებოდა.