ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] ცნობით, რუსეთის შეტევითი ოპერაციების ტემპი აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო კვირებში შენელდა, რაც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსული ჯარების საგაზაფხულო შეტევა დასასრულს უახლოვდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ რუსეთს არ შეეძლო საკმარისი ძალების შეკრება დონბასში მოსალოდნელი დიდი შეტევისთვის და აღნიშნა, რომ რუსეთის ამჟამინდელ შეტევას არ შეიძლება ეწოდოს დიდი სტრატეგიული ოპერაცია.
მისი თქმით, რუსეთის ჯარს ბახმუტის ტაქტიკურად აღებაც კი არ შეუძლია. ისინი ასევე განიცდიან მნიშვნელოვან სირთულეებს ფრონტის სხვა სექტორებში.
"თუ 300 000 რუსმა ჯარისკაცმა ვერ უზრუნველყო გადამწყვეტი შეტევითი უპირატესობა უკრაინაში, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დამატებითი ძალების დამატება მობილიზაციის მომავალ ტალღებში რადიკალურად განსხვავებულ შედეგამდე მიგვიყვანს."- წერს ISW-ი.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, უკრაინას აქვს ყველა შანსი, დაიბრუნოს ინიციატივა და ამჟამინდელი ფრონტის ხაზის კრიტიკულ ადგილებში დაიწყოს კონტრშეტევა.