ომის კვლევის ამერიკულ ინსტიტუტში (ISW) აცხადებენ, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები, გუშინ, 28 სექტემბერს გაზრდილი შეშფოთებით განიხილავდნენ უკრაინის მიღწევებს ლიმანის გარშემო. მათი ვარაუდით, რუსეთის ძალები ლიმანში, შესაძლოა გარდაუვალი დამარცხების წინაშე აღმოჩნდნენ.
ISW-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები და სამხედრო კორესპონდენტები ამბობენ, რომ უკრაინელი ჯარები წინ მიიწევენ ლიმანის დასავლეთით, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, უტევენ დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანიდან 12 კილომეტრში რუსეთის ჯარების პოზიციებს და მუშაობენ რუსული ჯარების ალყაში მოსაქცევად.
ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლიმანის დაკარგვას სერიოზული შედეგი ექნება დონეცკის ოლქის ჩრდილოეთსა და ლუჰანსკის ოლქის დასავლეთში, რადგან უკრაინულ სამხედროებს ლიმანზე კონტროლის აღდგენა მისცემს საშუალებას, მიწონააღმდეგის პოზიციებს საფრთხე შეუქმნას ლუჰანსკის ოლქის დასავლეთ საზღვართან, ასევე სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის რაიონებში.
ISW-ში ამბობენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ რეაგირებს რუსეთის ამჟამინდელ დანაკარგებზე ლიმანის გარშემო და არ მომზადებულა ფრონტის ხაზის ამ სექტორის კოლაფსისთვის.
ასევე, ექსპერტების დასკვნის თანახმად, მსგავსი სიტუაცია იყო ხარკივის ოლქში დამარცხების წინ, რამაც გამოიწვია რუსი სამხედროების პანიკა აღმოსავლეთის მთელ მიმართულებაზე, რუსეთის ნაციონალისტურ საინფორმაციო სივრცეში კი კრიტიკა დაიწყო, რამაც კრემლს უბიძგა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოეცხადებინა.
ექსპერტთა თქმით, კრემლს შეუძლია დროებით გადადოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის ანექსიის გამოცხადება, რათა უკეთ მოამზადოს რუსული საინფორმაციო სივრცე და ადმინისტრაციული საორგანიზაციო საკითხები, თუმცა 30 სექტემბერი რჩება ყველაზე სავარაუდო თარიღად რაიმე სახის ანექსიის გამოცხადებისთვის.