ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელები დაწინაურდნენ კუპიანსკის აღმოსავლეთით და აგრძელებენ შეტევას კრემენაიას ჩრდილოეთით.
"ხარკივის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით სასტიკი ბრძოლები გრძელდება. ამავე დროს, რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმები წარუმატებელია. ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბის კომენტარები რეგიონში არსებულ ვითარებაზე უფრო თავშეკავებულია. ეს შეიძლება მიუთითებდეს უკრაინის თავდაცვის ძალების წინსვლაზე სვატოვოსკენ," - ნათქვამია განცხადებაში.
ომის კვლევის ინსტიტუტის თქმით, რუსული წყაროები აგრძელებენ მტკიცებას, რომ უკრაინული ჯარები 30 და 31 ოქტომბერს ხარკივის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით კონტრშეტევის ოპერაციებს ახორციელებდნენ. ISW-ს ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და რუსმა ბლოგერებმა 30 ოქტომბერს განაცხადეს, რომ უკრაინულმა ჯარებმა წარუმატებელი თავდასხმების სერია განახორციელეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები თავს დაესხნენ ნიკოლაევკას და ნოვოსელოვსკოეს, სვატოვოს ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 30 კილომეტრში, რაც ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ჯარები კუპიანსკის რეგიონის აღმოსავლეთით წინ წავიდნენ. ასევე, უკრაინის გენშტაბის ანგარიშების მონაცემებზე დაყრდნობით, ISW-ს ექსპერტები თვლიან, რომ უკრაინული ჯარები აგრძელებენ შეტევას კრემენაიას ჩრდილოეთით.