ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ შეაფერხონ რუსების ძალისხმევა ხერსონში თავდაცვის გასაძლიერებლად.
"უკრაინულ ძალებს, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ ასეთი დრამატული შედეგების მიღწევა აღმოსავლეთ ხერსონში, მაგრამ შესაძლოა, შეაჩერონ რუსეთის ძალისხმევა მათი ახალი თავდაცვითი ხაზების გაძლიერებისა და შენარჩუნების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
11 ნოემბერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს.
10 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები ხერსონის რეგიონში შეტევას გეგმის მიხედვით აგრძელებენ. მისი თქმით, 1 ოქტომბრიდან, უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის 1400 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.
9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.