ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან წინ წაიწიეს.
"28 ივლისს, უკრაინის ჯარებმა კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე 3 სექტორში განახორციელეს, ბახმუტთან კი წინ წაიწიეს. უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ კონტრშეტევას ბახმუტის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ამასთან, უკრაინული წყაროს თქმით, უკრაინელი სამხედროები ბერდიანსკის მიმართულებით რუსული ძალების თავდაცვის მთავარი ხაზიდან 10-12 კილომეტრის მანძილზე დაწინაურდნენ.
რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებენ, რომ რუსულმა არმიამ უკრაინის სახმელეთო თავდასხმები ორეხოვოს სამხრეთ-აღმოსავლეთით და ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში მოიგერია.
10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევის დაწყებიდან ერთ კვირაში 8 დასახლების გათავისუფლება შეძლეს.